საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა 11-26 მაისს საქართველოში დაგეგმილი ქართულ- ამერიკული წვრთნები საფრთხის მომტანად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, მმართველი გუნდის უმრავლესობა თანამოაზრეები არიან და ისინი ვინც მათ გაცხადებულ კურსს ეწინააღმდეგებიან, უნდა ჩამოყალიბდნენ:
„მე არ მგონია, რომ დღეს გვაქვს საქმე ისეთ ვითარებასთან, რომ ვინმე გადადგომას აპირებს, ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს. კონკრეტული საკითხი, რასაც მოჰყვა საჯარო განცხადება ჯერ მინისტრის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის, არის ძალიან კონკრეტული საკითხი, მე მოხარული ვარ, რომ ამ ძალიან კონკრეტულ საკითხში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი და რესპუბლიკელი მინისტრი ზაქარეიშვილი, ისევე როგორც ყველა რესპუბლიკელი ვართ თანამოაზრე და ვამბობთ იმას, რომ ის განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს გაცხადებულ საერთო კურსს, პრემიერ-მინისტრის, მინისტრ ზაქარეიშვილის, მინისტრ ხიდაშელის, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის, თავმჯდომარის მოადგილე კობახიძის, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების არაერთხელ გაცხადებულ კურსს, როგორმე მას უნდა გავუმკლავდეთ, იმიტომ რომ ამ ტიპის განცხადებები, რომ საქართველოს აღარ უნდა თითქოს იმ პროცესში ყოფნა, რა პროცესშიც დღესაც იმყოფება და ჩემს მიერ ჩამოთვლილი პირები, ყველა ერთხმად და ცალსახად მიანიშნებენ ამ კურსის ურყეობაზე, ვისაც ამ კურსთან აქვს პრობლემა, მგონი პირველ რიგში ის ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. თანამოაზრეები ვინც ვართ ამ საქმეში, ჩვენ უნდა დავრჩეთ თანამოაზრეებად, ერთად ვიქნებით მთავრობაში თუ სხვაგვარად მოხდება უახლოეს მომავალში, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი „რესპუბლიკელი“ მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის თამაზ მეჭიაურის მიერ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მინისტრისთვის გაუგებარია რატომ მოჰყვა წვრთნებს წელს ასეთი აჟიოტაჟი, მაშინ როცა ის შარშანაც ჩატარდა. ამასთანავე ზაქარეიშვილის შეფასებით მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ როგორ უყურებს ამ წვრთნებს და შესაბამისად მეჭიაურის განცხადებას თავად „ქართული ოცნება“.
მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას მეჭიაურის განცხადებებზე უფრო მეტად, ამ განცხადბებთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ დუმილი აკვირვებს, მთავრობის მეთაური გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით ზაქარეიშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკა არაობიექტური და მიუღებელია.
მასალის გამოყენების პირობები






