„ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს ბატონი მეჭიაური, არა მხოლოდ ის არამედ მისი თანაპარტიელებიც. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბატონი მეჭიაური გამოდის ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსის წინააღმდეგ. მან მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელმაც „რესპუბლიკელი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა, მეჭიაური ოპერატიულად გამოეხმაურა ლავროვს და „რესპუბლიკელი“ თავდაცვის მინისტრი სამხედრო წვრთნებისთვის, რომელშიც ამერიკელებიც მონაწილეობენ ძალიან მკვახედ, მკაფიოდ და სახიფათოდ გააკრიტიკა და ბრალი დასდო მას ამერიკელებთან ერთად პროვოკაციის მოწყობაში, რომელსაც რუსეთის გაღიზიანება შეიძლება მოჰყვეს. მეჭიაური პირველი შემთხვევა არაა როდესაც ანტირესპუბლიკურ განცხადებებს და საქართველოს საგარეო კურსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. თოფაძის შემთხვევაც შეგვიძლია გავიხსენოთ, ჯაჭვლიანმაც დღეს ღიად დაუჭირა მხარი მეჭიაურს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია ამის შესახებ. პირველი ვიცე სპიკერი მანანა კობახიძეც, ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც. ანუ „ქართული ოცნების“ წამყვანი ლიდერები ამბობენ, რომ ეს მეჭიაურის აზრია და მეჭიაურის ისინი არ ემიჯნებიან და პასუხს არ თხოვენ. ამას მიხვდა ქართული ოცნების დაანონსებული ლიდერი, ლიდერი თუ მძევალი „ქართული ოცნების“ რეტროგრადული შემადგენლობის- გიორგი კვირიკაშვილი, როდესაც თოფაძემ შეუტია ხიდაშელს დაიცვა თავისი რესპუბლიკელი მინისტრი ჯერ, მაგრამ მერე საყვედური უთხრა, როდესაც რამდენიმე დღის დუმილის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ მინისტრმა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას მეჭიაურის განცხადება კი არა „ქართული ოცნების“ დუმილი აკვირვებს , დღეს გამოეხმაურა პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხაზი მეჭიაური კი არა არის, მაგრამ აკვირვებს და არ მოწონს , მისი „რესპუბლიკელი“ მინისტრის განცხადება. რა შუაშია მთავრობის კრიტიკა, ზაქარეიშვილს მთავრობა არ უხსენებია, ყველა უნდა ვიყოთ კორექტული, მათ შორის ისინიც ვისაც შესაძლოა შესაბამისი და საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება აკლია. „რესპუბლიკელმა“ მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკრიტიკა ძალიან მოზომილად და პაატა ცნობილია მისი განსაკუთრებული სიფრთხილით, პარტია „ქართული ოცნება“. კვირიკაშვილს თუ სურვილი აქვს განაახლოს „ქართული ოცნება“, მაგრამ ვფიქრობ ამის საშუალება არა აქვს. ის კი არ უნდა ეფარებოდეს და ფორმალურად კი არ უნდა ემიჯნებოდეს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს „ქართული ოცნებიდან“. თოფაძეც კოალიციიდან გარიცხული უნდა ყოფილიყო და არა ხელგადასმული.“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა
„რესპუბლიკელების“ ლიდერი პრემიერს ურჩევს ნუ იქნება ოცნების რეტროგრადული წევრების მძევალი და საკუთარი პარტიის რიგებიდან გაუშვას მეჭიაურის და ჯაჭვლიანის მსგავსი ადამიანები:
„პრემიერ კვირიკაშვილს „რესპუბლიკელები“ მივმართავთ სურვილით, რომ მეჭიაურები, ჯაჭვლიანები და ასე შემდეგ საკუთარი პარტიის რიგებიდან გაათავისუფლოს და ნუ იქნება მათი მძევალი.“- აცხადებს ბერძენიშვილი.
დავით ბერძენიშვილის თქმით ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე, რომელიც თვლის, რომ ევროკავშირი და შენგენი, მისაღებია მაგრამ ნატო არა, არის პოლიტიკურად უმწიფარი და არ ესმის, რომ უსაფრთხოების გარეშე არ არის ევროპული კეთილდღეობა.
მასალის გამოყენების პირობები






