კითხვაზე ემიჯნება თუ არა "ქართული ოცნება" მეჭიაურის განცხადებას და აპირებს თუ არა კოალიცია დეპუტატის განცხადებაზე ოფიციალური განმარტების გაკეთებას, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ვინც ევროატლანტიკურ სივრცეს არ უერთდება ის ემიჯნება უმრავლესობას.
"ამ სახელმწიფოს, ამ ხელისუფლებას, ქართულ საზოგადოებას აქვს გაკეთებული არჩევანი - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური სივრცე. ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ ისტორიულად, თავისი ღირებულებებით და მენტალიტეტით. ასე რომ ეს არჩევანი ყველამ ერთად გავაკეთეთ. ვინც არ არჩევანს არ უერთდება, ის ემიჯნება უმრავლესობას და არა ჩვენ. ბატონი მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადებები მთლიანად სცილდება იმ რეალობას და იმ პოლიტიკურ მოცემულობას რაშიც დღეს ჩვენი სახელმწიფოა. მსგავსი განცხადებები რა თქმა უნდა მიუღებელია. უმჯობესია, რომ საკუთარ აზრს ჩავუკვირდეთ და სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან საბოლოო ჯამში ეს განცხადებები გარკვეულ კითხვებს უჩენს საზოგადოებას"- აღნიშნა სესიაშვილმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
მეჭიაურის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია შეძლოს, უარი უნდა თქვას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია.
მასალის გამოყენების პირობები






