„რუსეთი არის მთავარი მოთამაშე რეგიონში. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა კონფლიქტში ჩართული, ზოგიერთებს უნდათი რომ საომარი მოქმედებები გადმოანაცვლონ საქართველოში. ნატო-ს სურს, რომ კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს და აქ დაუპირისპირდეს რუსეთს. ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც ჩანერგილია ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის მიერ. „რესპუბლიკური პარტია“ არანაირ ქართულ ძალას არ წარმოადგენს და უცხოეთიდან იმართება“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. აღნიშნული განცხადება მეჭიაურმა დღეს გააკეთა, რესპუბლიკური პარტია და თავდაცვის მინისტრი დეპუტატმა რამდენიმე დღის წინაც გააკრიტიკა, მისი თქმით ქართულ- ამერიკული წვრთნები საქართველოსთვის საფრთხის მომტანია, იმ პოლიტიკოსებს კი რომლებიც ამ წვრთნებს მხარს უჭერენ ოჯახები საზღვარგარეთ, უსაფრთხო ადგილზე ჰყავთ გახიზნული.
მეჭიაურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, "რესპუბლიკელმა" თინათინ ხიდაშელმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარ სახეს კატეგორიულად მოსთხოვა წარმოედგინა ფაქტები სად და როდის ყავდა თავდაცვის მინისტრს ოჯახი გახიზნული.
მეჭიაურის განცხადებაზე ქართული ოცნების დუმილი აშფოთებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ "რესპუბლიკელ" პაატა ზაქარეიშვილსაც.
მეჭიაურის მსგავსად 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება «Noble Partner 2016» არ მოწონს რუსეთის საგარეო უწყებასაც. საქართველოს შეიარაღებული ძალების და მისი პარტნიორი ქვეყნებისადმი გამოთქმული მხარდამჭერი მოსაზრებების გამო ლავროვის უწყების კრიტიკის ობიექტი პაატა ზაქარეიშვილის თანაპარტიელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






