კვლავ უცნობია თუ როდის გამოსცემს საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის შესახებ ნორმატიულ აქტს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არც საპარლამენტო უმრავლესობა ფლობს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი თარიღი შეირჩეს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს, წინასაარჩევნო კამპანიის სრულყოფილად წარმართვის საშუალებას მისცემს.
უმრავლესობისთვის ასევე მისაღებია წინასაარჩევნო კამპანიის, პრემიერის მიერ დასახელებულ, 8 ივლისს დაწყება.
„გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ყველაზე გრძელვადიანი წინასაარჩევნო თარიღი ბელგიაშია, დანარჩენ ქვეყნებში ორი თვე და რამდენიმე კვირაც კი არის. ვფიქრობ, ლოგიკური თარიღი უნდა დავნიშნოთ, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა პარტიას თავი წარმოაჩინონ და არ იყოს ზედმეტი ხარჯი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ეკა ბესელია კი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში დაასახელებს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ოფიციალურ თარიღს:
„სამართლებრივად უნდა განისაზღვროს ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნების ანუ ამოქმედების ვადა, რომელსაც შემდეგ უკავშირდება საარჩევნო კამპანიის დაწყება, ველოდებით ამ გადაწყვეტილებას და ალბათ პრეზიდენტი ოფიციალური აქტით დაასახელებს ამ თარიღს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნების თარიღი, არჩევნები 8 ოქტომბერს ჩაინიშნა. თუმცა დღემდე სადაო რჩება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი.
პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს გადაეგზავნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა კი არა ერთი განმარტება გააკეთა არჩევნების თარიღსა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადებზე არსებულ გაუგებრობაზე. აბაშიშვილის განცხადებით არ შეიძლება პრეზიდენტისა და პრემიერის შეთანხმებები მოგვიანებით უგულვებელყოფილი იყოს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით კი ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ ხელი არ მოაწერა, შეთანხმებული იყო თავად მთავრობასთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი საარჩევნო არჩევნებში მეორე ტურების საჭიროება არ გამორიცხა. მან ტექნიკური არგუმენტებით ახსნა გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების თარიღს უკავშირდება.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას კი გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა თვეების განმავლობაში არ უნდა იყოს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში.
თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის თამარ ჩიქოვანის შეკითხვაზე როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია და როგორ აპირებს გიორგი კვირიკაშვილი იმ უხერხული სიტუაციიდან გამოსვლას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ კონსულტაციები გრძელდება და იმედი აქვს რომ საერთო აზრამდე მისვლა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






