ჟურნალისტი აღნიშნული ვიდეო-კადრების ატვირთვაში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ გიორგი გაბედავას ადანაშაულებს.
კილაძის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ბოლო სამი ფირი მოსკოვიდან აიტვირთა და სამივე შემთხვევაში ამტვირთავი ერთი და იგივე პირია. ელისო კილაძის თქმით, გაბედავა პირდაპირ არის დაკავშირებული ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთან.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ სამივე შემთხვევაში ერთი პირია ამტვირთავი და ეს მოხდა მოსკოვში და ეს პირი გახლავთ ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა. ეს არის პირი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ღარიბაშვილის გარემოცვასთან. ის არც მალავდა და ძალიან ხშირად ინტერვიუებში, საჯარო სივრცეში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია. ეს არის პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სუს-ის დაფინანსებით კენჭს იყრიდა დიღმის მაჟორიტარად, ანუ ქართულ ოცნებასთან საკმაოდ დაახლოებული პირია. მე ვიცი, რომ პროკურატურამ ჩხრეკის დროს რამდენიმე კომპიუტერში იპოვა, მანამ სანამ ეს მასალები გამოქვეყნდებოდა ეს და სხვა გამოუქვეყნებელი ფირები,“-განაცხადა ელისო კილაძემ გადაცემა P.S - თან.
კილაძის ბრალდებას გამოეხმაურა გიორგი გაბედავა, რომელიც ირწმუნება, რომ ფირების გავრცელებასთან კავშირი არ აქვს.
გაბედავა ამბობს, რომ ის პროკურატურამ დაკითხა აღნიშნულ საქმეზე, მხოლოდ იმის გამო, რომ ფირი ფეისბუქის საშუალებით მასაც გაუგზავნეს. გაბედავა ამბობს, რომ ელისო კილაძე თავად არის დასაკითხი და დასაკავებელიც.
„ ელისო კილაძეს თუ მიუწვდება ხელი საგამოძიებო მოქმედებებთან, მაშინ ძალიან დიდი პრობლემა ჰქონია საქართველოს პროკურატურას იმიტომ, რომ ინტრიგან ხალხს არ უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან არანაირი შეხება, მითუმეტეს ასეთ საქმეზე. თუ ელისო კილაძეს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა მართლა უნდა, ასეთ რაღაცეებს არ უნდა ლაპარაკობდეს. რომც იყოს და გამოძიება ჩემზე მართლა მუშაობდეს, მე ძალიან მარტივად შემიძლია მივიმალო დამნაშავე რომ ვიყო. ხომ ხვდებით რასაც გეუბნებით. ელისო კილაძე იქეთ არის დასაკითხი და დასაკავებელია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის საქმე, რომელიც ბოლომდე უნდა მიეყვანა პროკურატურას, აი ასე წინასწარ ილაპარაკა და ძალიან ბევრი გაიქცა საქართველოდან. მე გაქცევას არ ვაპირებ იმიტომ, რომ არ ვარ დამნაშავე და არავის შიში არ მაქვს,“-აცხადებს გაბედავა.
"ნიუპოსტი" საქართველოს მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია სუხიაშვილი უქმე დღეებში საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე საქმის ირგვლივ ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.
ნათია სუხიაშვილი: "დღეს უქმე დღეა... დღეს არის დასვენების დღე, შესაბამისად ვერ გიპასუხებთ ვერცერთ შეკითხვაზე... ვისვენებ!
- ეს ინფორმაცია გუშინ გავრცელდა ტელეეთერით, ის მაინც გვითხარით იგეგმება თუ არა გაბედავას დაკითხვა?
- გასაგებია, თუ ოფიციალური განცხადება გაკეთდება თქვენც გაგაგებინებთ!
კომენტარის მოპოვება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ვცადეთ. როგორც "ნიუპოსტს" მღებრიშვილის უწყებაში უთხრეს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრების გავრცელების საქმეს პროკურატურა უძიებს და კომენტარისთვის ბადაშვილის უწყებაში გადაგვამისამართეს.
იგივე თქვა სატელევიზიო კომენტარისას შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქმეს პროკურატურა იძიებს, შესაბამისად დეტალებზე ინფორმაციას აღნიშნული უწყება გაავრცელებს.
შს მინისტრის მოადგილე კომენტარს არც იმაზე აკეთებს შედგა თუ არა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს პროკურატურასა და უცხოელ პარტნიორებს შორის, რომლებიც საქმის ძიებაში არიან ჩართულნი.
„ეს ისეთი საკითხია, რომ სპონტანურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც კი მზად იქნება გამოძიების შედეგები, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ, აუცილებლად მოვახდენთ ინფორმირებას. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს, შესაბამისად დეტალებზე კომენტარს გააკეთებს პროკურატურა,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






