საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდებიან.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოსათვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაა, შეხვედრის დასრულების შემდეგ უწყებაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც გაესაუბრებიან. მათ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე გამართეს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოდაგილე და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ.
მათი განცხადებით, შეხვედრებზე ისინი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მესამე სამოქმედო გეგმას წარადგენენ. ისინი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ეწვევიან.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ „კურიერთან“ საუბრისას ვიზიტის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა. გავრიელა ბატაინი-დრაგონიმ განაცხადა, რომ ევროსაბჭო მიესალმება პროცესებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და ევროპულ სტუქტურებში ინტეგრაციისთვის წარიმართოს:
„ევროსაბჭოს სახელით წარვადგენთ მესამე სამოქმედო გეგმას საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი ასევე შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ახალი სამოქმედო გეგმა საქართველოს დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება“, - აღნიშნა დრაგონიმ.
მისივე თქმით, პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და ევროსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერას იმსახურებს:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროცესი კარგად მიმდინარეობს და მხარდაჭერას იმსახურებს. ჩვენთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. გვსურს ერთად საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ, მივესალმებით ყველაფერს, რაც შეიძლება გაკეთდეს პროცესის, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გასამარტივებლად საქართველოსა და შენგენის ზონის ქვეყნებს შორის. არსებობს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, სწორედ ამიტომ, რეფორმების ის პროცესი, რომლებსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გავრიელა ბატაინი-დრაგონიმ.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი იმედოვნებს, რომ დიდი პროგრესი იქნება მიღწეული. მან ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებაზე ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვლასაზრისით:
„ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმას წარვადგენთ, სწორედ ეს არის ჩამოსვლის მთავარი მიზეზი, მაგრამ ამავდროულად შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბულგარეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს წინსვლას და მის სწრაფვას ნატო-სა და ევროკავშირისკენ, ჩვენ უკვე დიდიხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. თქვენ იცით, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება ევროპულ სტრუქტურებში, იმედი მაქვს, რომ პოზიტიურ შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნა დანიელ მიტოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






