„ვიტრინიზაციის“ ქიმერა - კონფლიქტოლოგიური რომანტიზმი და აფხაზეთის მენტალური დაკარგვის საფრთხე
პოლიტიკა - 14:47, 08 May, 2016     5505
ალბათ, ტრივიალურ ჭეშმარიტებას ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ აფხაზეთის (და ჩრდილოეთ ქართლის) კრიზისის მოწესრიგების გარეშე საქართველო ვერასოდეს ვერ იქნება სრულყოფილი ეროვნულ-პოლიტიკური ყოფიერების მქონე სახელმწიფო და ამაში მარტოოდენ ტერიტორიული კონტექსტი არ იგულისხმება. ის მუდმივად იარსებებს გარკვეული რისკების, საფრთხეების და ფსიქოპოლიტიკური არასრულფასოვნების რეჟიმში. ამიტომ აღნიშნულ პრობლემებზე ზრუნვა, ფიქრი, განსაზღვრული სცენარებისა და სტრატეგიების დაგეგმვა უნდა ხორციელდებოდეს ფაქტობრივად განუწყვეტლივ, შეუნელებელი ყურადღების პირობებში. ამასთან, ეს მენტალური პროცესი, ეს კონფლიქტოლოგიური დისკურსი აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს ისტორიულ-სენტიმენტალური და ზელიბერალური ძიებებისაგან. „აფხაზეთის კრიზისის“ ირგვლივ ნებისმიერი ხედვა თუ ანალიტიკური წიაღსვლა უნდა დაეყრდნოს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ამ ინტერესებით განსაზღვრულ „წითელ ხაზებს“, რომელთა გადალახვა დაუშვებელი და აპრიორულად გამორიცხულია:

1 „აფხაზეთის კრიზისის“ ფაქტურა სრულიად განსაზღვრულია და არ ექვემდებარება გადასინჯვას; ეს არის რუსული იმპერიალიზმისა და აფხაზური ეთნოკრატიული სეპარატიზმის ანტიქართული ალიანსი.

2. აფხაზეთის კონფლიქტის სტრუქტურაც სრულიად განსაზღვრულია და არ ექვემდებარება გადასინჯვას: ეს არის რუსეთ-საქართველოს მორიგი ომი. სწორედ რუსეთი იყო სამხედრო კონფლიქტის მთავარი სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და მონაწილე. სწორედ რუსეთის მონაწილეობამ შესძინა აფხაზეთის ომს ისეთი ტაქტიკური ფორმები, როგორიცაა ასიმეტრიული სამხედრო ძალა, ძალისმიერი „სამხედრო დიპლომატია“, ტერიტორიული ექსპანსია, გენოციდი და ეთნოწმენდა.

3. ომში აფსუების მონაწილეობა და მათ მიერ კონფლიქტის შედეგებით სარგებლობა არის-სამართლებრივი თვალსაზრისით ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და კოლაბორაციონიზმი, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ეთნოკრატიული სეპარატიზმი და უკანონო, გარეშე საოკუპაციო ძალაზე დამყარებული სეცესია.

4. აფხაზეთის დროებითი დაკარგვით გამოწვეული საქართველოს ტრაგედია არა აფსუებთან შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტში დამარცხებული ქვეყნის ტრაგედიაა, არამედ ეს არის რუსეთთან სამამულო ომში დამარცხებული ქვეყნის ტრაგედია, რაც გამოიწვია საერთაშორისო კონსოლიდაციის გარეშე დარჩენილი საქართველოს პირისპირ დგომამ აგრესიულ ზესახელმწიფოსთან.

5. „აფხაზეთის კრიზისის“ დარეგულირების ძირითადი გზა ამ ზესახელმწიფოს ეტაპობრივ დასუსტებასა და მისი აგრესიული პოლიტიკის საფუძვლების თანდათანობით მოსპობაზე გადის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკის მთავარი გზა უნდა გადიოდეს გარკვეული „ტექტონიკური“ ძვრების აქტიურ სტრატეგიულ ლოდინზე და ამ ლოდინის პირობებში აგრესორთან სტრატეგიული სახელშეკრულებო პროცესის უკუგდებაზე. არც ერთ დოკუმენტში არ უნდა ჩაიდოს ისეთი ნაღმები, რომლებსაც-ჯერ ერთი, შეუძლიათ პერსპექტივაში საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია, მეორე, შეუძლიათ, რუსეთის დასუსტების, საერთაშორისო ძალების მიერ მისი ქმედითი შეკავებისა და უკუგდების ვითარებაში, ჩვენი ლეგიტიმური აქციების ბლოკირება.

6. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ რუსულ-აფსუური უთანხმოებების პერმანენტულ გამწვავებაზე, ამათუ იმ საკითხში ოკუპანტებისა და სეპარატისტების კონკურენტული კრიზისული ურთიერთობების შენარჩუნებაზე. ეს იქნება სერიოზული სოციალური კაპიტალი მარიონეტული რეჟიმის საზოგადოებრივი საფუძვლების შესარყევად და მისი დესტაბილიზაციისათვის.

7. რაც არ უნდა მრავალგანზომილებიანი გახდეს „აფხაზეთის კრიზისის“ მოწესრიგების სტრატეგია, სტრუქტურულად ის უნდა დაეყრდნოს, ასე ვთქვათ, სამი სვეტის პრიორიტეტულობის განუყოფელ პრინციპს. ეს სამი სვეტია -დეოკუპაცია, ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა და დევნილთა სრული და უპირობო დაბრუნება. ყველა სხვა დანარჩენი განზომილება-ჰუმანიტარული, სოციალური, „სახალხო დიპლომატიის“ თუ სხვ. - ზემოთხსენებული სამი სვეტის ერთობლიობას უნდა დაექვემდებაროს. დაუშვებელია პრიორიტეტთა ხელოვნური გადაჯგუფება, რომელიმე სვეტის უკანა პლანზე გადაწევა და შექმნილი ვაკუუმის შევსება არასტრატეგიული „დარგებით“. პირდაპირ უნდა ითქვას: პრიორიტეტთა გადასინჯვის იდეოლოგიის ფესვებს მივყავართ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობამდე, ხოლო შედეგებს - აფხაზეთის მენტალური დაკარგვის საშიშროებამდე.

ვფიქრობთ, ამ კონცეფციიდან უნდა ამოვიდეს აფხაზეთის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებული თვალსაზრისები, კონფლიქტოლოგიური პროექტები თუ სქემები. მითუმეტეს, რომ ეს კონცეფცია თავისთავად საბუთდება 1992-2015 წწ. გეოპოლიტიკურ და გეოისტორიულ კოლიზიებში (ყველაზე რელიეფურად კი აგვისტოს ომის შედეგებში).

სამწუხაროდ, უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში შეჩვეულ, ტრადიციულ საფრთხეებს ამ ბოლო ხანებში დაემატა სულ ცოტა სამი ახალი გამოწვევა და რისკ-ფაქტორი:

1. ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე, სარგებლობს რა თავისი თანამდებობრივი თუ ექსპერტის სტატუსით, აძლიერებს ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობის ხელყოფით (და ამის საერთაშორისო ლეგიტიმაციით) დაინტერესებული ძალების პოზიციებს. ზოგიერთი სუბიექტი აყენებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის პირობითი, ასე ვთქვათ, ფუნქციური ცნობის იდეას, რათა პერსპექტივაში გაადვილდეს (?) რუსეთის ჯარების გაყვანა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება. როგორც ჩანს, გონების დასაჭურისებას, უპრინციპობას და უზნეობას მართლაც არა აქვს საზღვარი.

2. მეორე რისკ-ფაქტორს ქმნის ერთგვარად კომპრომისული, უფრორე კაპიტულანტურ-მონანიებითი ფუნდამენტალიზმი; მხედველობაში გვაქვს ცალმხრივი „ბოდიშიზმის“ იდეოლოგიის შემოცურება და დამკვიდრების მცდელობა ქართულ სააზროვნო სივრცეში; გარკვეული პიროვნებები და ჯგუფები ისე გაიტაცა ნეოლიბერალური კონფლიქტოლოგიის პლაგიატურმა დაზეპირებამ, რომ ლამის ნიანგის ცრემლებს ღვრიან „ქართულ-აფხაზურ“ კონფლიქტში აფსუათა გენოფონდის დაღუპვაზე და კუდის ქიცინით ცალმხრივად ბოდიშის მოხდის მაზოხისტურ თვითგვემას მისცემიან. არადა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თავის დროზე კვირაში სამჯერ მაინც მოითხოვდა ე. შევარდნაძისგან აფხაზეთში ჯარების შეყვანას და იქ შექმნილი კრიზისის სამხედრო მეთოდით გადაწყვეტას, აქაოდა არძინბას დაჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი „ბართლომეს ღამის“ თავიდან ასაცილებლად.

ცხადია, რომ ორივე ეს მიდგომა აპრიორულად მიუღებელია. ისტორიას არ ირჩევენ - ის ისეთია, როგორიც არის. არც აზროვნების მოდელს, ზნეობას და მოქმედების ფორმას ირჩევენ - ესენიც ისეთია, როგორიც არის: ზოგი პატრიოტია, ზოგიც - კოლაბორაციონისტი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შექმნილი კლიმატი ბევრ საფიქრალს აჩენს და ხარვეზებისგან თავის დაზღვევაზე ზრუნვაც ჩვენი ცხოვრების უმთავრეს და ურყევ ნორმად უნდა იქცეს.

3. მესამე გამოწვევას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ თავისებური კონფლიქტოლოგიური რომანტიზმი. „აფხაზეთის კრიზისის“ მოწესრიგების ქართული მოდელის ძიების პროცესში, განსაკუთრებით კი ეტაპობრივი დარეგულირების მექანიზმებზე გადასვლის სტრატეგიის ფარგლებში წარმოიშვა და კონფლიქტოლოგიურ დისკურსში გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვა მოსაზრებამ, თითქოს სრულმასშტაბიანი მოწესრიგების უმთავრესი საშუალება არის საქართველოს სახელმწიფოებრივი პროგრესი და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია, თითქოს მაღალგანვითარებული ეკონომიკის, მოდერნისტული სოციალურ-ჰუმანიტარული სისტემის, სრულფასოვანი დემოკრატიისა და სტაბილური პოლიტიკური რეჟიმის მქონე საქართველო უაღრესად მიმზიდველი და ორიენტაციის ობიექტი გახდება აფხაზებისათვის; ეს უკანასკნელნიც უმალ დაივიწყებენ რუსული პროპაგანდის მიერ ჩანერგილ ფსევდოისტორიულ მეხსიერებასა და ომისშემდგომი პერიოდის სოციალურ აზროვნებაში ანტიქართულ მენტალურ კლიშეებს და ლამის თავქუდმოგლეჯილნი გამოქანდებიან ქართულ საზოგადოებასთან და ჩვენს სახელმწიფოსთან დარღვეული კავშირების აღსადგენად. აი, ამგვარად მიმდინარეობს ახალი და წინასწარ წაგებული „დიდი თამაში“ ქართული საზოგადოების აზროვნებაში; ჩვენი საზოგადოების მენტალურ რუკაზე, განსაზღვრული ინფორმაციული კლიშეების სახით ჩნდება ვირტუალური „წერტილები“-„ძმები და დები აფხაზები!“; „აფხაზების პრორუსული ორიენტაცია თბილისის შიშით არის ნაკარნახევი და ეს შიშის სინდრომი ჩვენ უნდა მოვხსნათ“; „აფხაზებს სერიოზული ისტორიული პრეტენზიები აქვთ საქართველოს მიმართ“; „საქართველოს ჯანდაცვის უპირატესობით სულ უფრო და უფრო ბევრი აფხაზი სარგებლობს“; „უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად ჩამოსული აფხაზი ახალგაზრდები აღფრთოვანებულნი არიან საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებებით, რაც აფხაზი საზოგადოების გამოღვიძების საწინდარია“ და სხვ. ცხადია, რომ ამგვარი მიდგომების პოპულარიზაციით მავანნი ცდილობენ კონკრეტულად პროცესზე კონტროლის მოპოვებას, კონფლიქტოლოგიურ დისკურსში ჰეგემონიის დამყარებას და ეთნოკრატიული და კოლონიალისტური აზროვნების ამ „შედევრების“ დამკვიდრებას. აქ ყველაზე სახიფათო ტენდენცია ის არის, რომ შესაძლოა მოხდეს მოწესრიგების ტრადიციული კონცეფციის რევიზია, პრიორიტეტთა გადაჯგუფება, მოწესრიგების სტრუქტურაში სტრატეგიული კომპონენტების უკან დაწევა და მათი ჩანაცვლება არასტრატეგიული ჰუმანიტარულ-ლიბერალური კომპონენტებით, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ჩვენი არსებითი პოზიციების დაკარგვას.

სამწუხაროა, რომ ასეთი კონცეპტუალიზაცია მალე ვრცელდება პოლიტიკურ წრეებსა და აკადემიურ ჟურნალებში, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მმართველი რეჟიმის კაპიტულანტური პოლიტიკა. მავანნი სპეციალურად ქმნიან ილუზორულ, რამდენადმე უტოპისტურ სამყაროს და პირდაპირ ატყუებენ საზოგადოებას გამოგონილი კონფლიქტოლოგიური სქემებით თუ მოდალობებით.

თავისთავადი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველო უნდა ვითარდებოდეს, პროგრესული მოდერნიზაციის, ეროვნულ-კულტურული აღმშენებლობის და უწყვეტი წინსვლის რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს და ეს ქართული საზოგადოების ფუნქციური მოთხოვნილება და არსებობის ურყევი ნორმაა. რასაკვირველია, კარგია რომ ენგურსიქითა საზოგადოების გარკვეული ნაწილი ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს დინამიკას და განვითარების დეტალებს. ისიც ცხადია, რომ კონფლიქტის მოწესრიგების ქსოვილი ადვილი შესაკერი არ იქნება. ეს ძალიან რთული ორნამენტია, რომელშიც მთავარ ძაფებთან ერთად გარკვეული მნიშვნელობა აქვთ დამხმარე ძაფებსაც; ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით, უნდა შეიქმნას დიალოგის პლატფორმა, უნდა გაფართოვდეს არაფორმალური კომუნიკაციების ქსელი, რაციონალური კომპრომისების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის ზონები (სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო კონტაქტები, ჰუმანიტარული არხები და სხვ.).

ეს ყველაფერი გარკვეულწილად გააუმჯობესებს ომის შედეგების დაძლევის გარემოს, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ამ გარემოს სტრუქტურულ პარამეტრებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტებიც, პრაგმატისტებიც და, ამავე დროს, რამდენადმე კონსერვატორებიც; კომპრომისებისა და თანამშრომლობის კურსმა არ უნდა დაჩრდილოს სტრატეგიული ხაზები და არ უნდა განაპირობოს ჩვენი პოლიტიკის ტრადიციული სტრუქტურული კოდების გადაჯგუფება. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით ზუგდიდის, ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში პრეფერენციულად განკურნებული აფსუების ამწუთიერი მადლიერება, ან ეროვნულ სტადიონზე მატჩზე დასასწრებად ჩამოსული ახალგაზრდების წამიერი აღფრთოვანება (ან კიდევ შინაარსობრივად მსგავსი ბევრი სხვა რამ) არ უნდა მივიჩნიოთ მოწესრიგების საფუძვლად და, მითუმეტეს, არ უნდა ვაქციოთ კონფლიქტოლოგიური იდეოლოგიის ნორმატიულ ფაქტორად. ვიმეორებთ: ეს ფაქტები თავისთავად კარგია, მაგრამ არა ნიშანდობლივი და საგულისხმო სრულმასშტაბიანი დარეგულირების სტრატეგიის ასაგებად.

ზემოთხსენებული მოსაზრება სრულებით არ ითვალისწინებს საკუთრივ აფსუური საზოგადოების მზაობის პრობლემას იმ პერსპექტივისათვის, რომელსაც მათ უმზადებს ეს მოსაზრება. გასაგებია, რომ ჩამორჩენილი ეკონომიკისა და არასტაბილური პოლიტიკის ქვეყანა მიმზიდველი არასოდეს იქნება, რომ მაღალგანვითარებული ლიბერალური ეკონომიკისა და დემოკრატიის პროგრესული სტანდარტების მქონე სახელმწიფო მიმზიდველიც არის, მისაბაძიც და ორიენტაციის ობიექტიც. მაგრამ ეს მიმზიდველობა, ეს მიმესისი უაღრესად პირობითია აფსუებთან მიმართებაში და რეალურ პროცესში განპირობებულია პირობების მთელი კომპლექსით. გარეგან პირობებში ყველაზე არსებითი ის გარემოებაა, რომ აფსუებს არა აქვთ არჩევანის თავისუფლება; რომც მოეწონოთ „დალაგებული’’ საქართველო და აღფრთოვანდნენ მისით, მათ არა აქვთ შესაძლებლობა იარონ აღფრთოვანების ობიექტისაკენ. რუსეთი მათ არ აძლევს ( და არც არასოდეს მისცემს) ამის უფლებას.

მაგრამ, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი პირობებია: აფსუური სოციუმისათვის სრულიად უშედეგოა განვითარებისა და კოევოლუციის ჩანაფიქრის შეთავაზებაც და ამ ჩანაფიქრის რეალიზაციის ნების ჩვენებაც. ეს არის რეპრესიული, რეტროგრადული და დემოკრატიის დეფიციტის სოციუმი. ეს არის მოძალადე საზოგადოება, რომელიც თავისი არსით, წესებით, ფეოდალურ-კლანური ნორმებით ძირშივე შეუთავსებელია და კონფლიქტური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, რომელშიც სოციალურ ურთიერთობათა და ღირებულებათა ქსელი იმანენტურად არადემოკრატიულია, რაც რუსული ოკუპაციის პირობებში კიდევ უფრო ღრმავდება და სტატიკურ ფორმებს იღებს. ამასთან, რუსული იმპერიული პროპაგანდისა და განვლილი ომის შედეგად აფსუათა ცნობიერებაში დალექილი ანტიქართული ეთნოფსიქოლოგიური კომპლექსი, რომლიც დაძლევა უაღრესად რთული და დროში გაწელვადი პროცესია, განაპირობებს საქართველოს აპრიორულ შეუწყნარებლობას. აფსუათა ფსიქოტიპისათვის საქართველო ქსენოფობიისა და კოლექტიური აგრესიის ობიექტია იმისდა მიუხედავად, ეს საქართველო პროგრესულია თუ რეგრესული, ლიბერალურ-დემოკრატიულია თუ ავტორიტარული, განვითარებულია თუ ჩამორჩენილი.

ამიტომ ორიენტაცია აფსუებისათვის პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური მოდელის მიმბაძველი ძალის დემონსტრირებაზე წმინდა წყლის უტოპიაა.უბრალოდ შეუძლებელია საზოგადოებამ, რომლის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების წარმმართველია სეპარატისტების კასტა და რუსეთის გენერალიტეტი, ხოლო გონებას მართავს არადემოკრატიული და ანტიქართული ფსიქოტიპი, გაითავისოს და მიიღოს მოდერნიზაციის პარადიგმა, თანაც საქართველოს მაგალითზე.

და ბოლოს, ცალსახად აუცილებელია, რომ აღნიშნულ პრობლემას მივუდგეთ წმინდა გეოპოლიტიკური რაკურსით. ამასთან, ვფიქრობთ, სწორედ გეოპოლიტიკური ანალიზი იძლევა ზემოთხსენებული „მოსაზრების“ ჭეშმარიტების ნულამდე დაყვანის შესაძლებლობას. აფხაზეთის ომის მიზეზიც და შედეგიც არსებითად სწორედ გეოპოლიტიკაში უნდა ვეძიოთ

ომის მთავარი შედეგი, როგორც ვხედავთ, არის საქართველოს ტერიტორიულ-პოლიტიკური დეზინტეგრაცია და ისეთი ნეგატიური ფენომენების წარმოქმნა, როგორიცაა „გაყოფილი ტერიტორია“ და „სახელმწიფო და მისი ანტიპოდი“. ჩვენი ისტორიული ტერიტორია გაყოფილია მდ. ენგურზე, რაც წარმოშობს „გაყოფილი ტერიტორიის“ ფენომენს. ამასთან, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არსებობს უკანონო პოლიტიკური წარმონაქმნი, გარკვეული სტრუქტურით და საოკუპაციო-მარიონეტული რეჟიმით, რაც ქმნის „სახელმწიფოს და მისი ანტიპოდის“ ფენომენს. ეს მდგომარეობა საქართველოს ამსგავსებს საერთაშორისო პრაქტიკის გარკვეულ შემტხვევებთან; „სახელმწიფო და მისი ანტიპოდები“ იყვნენ დასავლეთ (გფრ) და აღმოსავლეთ (გდრ) გერმანია, სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამი, არიან სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა. ეს სახელმწიფო-ანტიპოდები ფუნქციურად თამაშობდნენ ორი გლობალური ძალის - დასავლური კაპიტალიზმისა და აღმოსავლური სოციალიზმის ბანაკების - ერთგვარი სარეკლამო ვიტრინების როლს. ორივე მხარე ძალიან ბევრს ხარჯავდა, რათა თავისი ვიტრინა უფრო მიმზიდველი გაეხადა. საბოლოო ჯამში, ცხადია, უფრო სიცოცხლისუნარიანი დასავლური ვიტრინა აღმოჩნდა და „ვიტრინიზაციაშიც“ მან გაიმარჯვა.

მაგრამ საგულისხმოც ის არის, რომ ეს გამარჯვება (ზოგან დამარცხება) დასავლეთის მიერ საკუთარი ვიტრინის კეთილმოწყობის გამო კი არ მომხდარა, არამედ გეოპოლიტიკური ცვლილების, კონკრეტულად რომ ვთქვათ, გეოსტრატეგიული სიმეტრიის დარღვევის გამო.

„გაყოფილი ტერიტორიების“ და „სახელმწიფო-ანტიპოდების“ ფენომენის შექმნაც და გაუქმებაც მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკურ ლოგიკას ექვემდებარება: გერმანიის გაერთიანება გამოიწვია არა აღმოსავლეთ გერმანელების თვალში გფრ-ს „ვიტრინალურმა“ კეთილშობილებამ (ცხოვრების მაღალმა დონემ, დემოკრატიამ, ადამიანის უფლებების პატივისცემამ და ა.შ.), არამედ გეოპოლიტიკურმა „ტექტონიკამ“ -სოციალიზმის ბანაკისა და სსრკ-ს დაშლამ და რეგიონიდან რუსეთის ჯარების წასვლამ. ასევე იყო ვიეტნამშიც (რეგიონიდან აშშ-ის წასვლა) და მხოლოდ ასევე იქნება კორეაშიც (ჩინეთის ფაქტორის და „იაპონური სინდრომის“ მოხსნა).

„ვიტრინიზაციის“ მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ჩვენშიაც. გვარწმუნებენ, რომ ეკონომიკურად აღორძინებული, ფინანსურად მოძლიერებული და ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობებით მოცული საქართველო მაგნიტივით მიიზიდავს აფსუებს (და ოსებს), შექმნის რა ქმედით საფუძველს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რაც წმინდა წყლის აბსურდია.

რუსეთის საგარეო პოლიტიკა და გეოსტრატეგია დღესაც (ის კი არა, დღეს უფრო მეტად ვიდრე არასდროს) ემყარება გეოპოლიტიკისა და რევიზიონიზმის (არსებული მსოფლიო წესრიგის გადასინჯვის, საერთაშორისო სისტემის სამართლებრივი საფუძვლების ნგრევის) პრინციპებს. მართალია, კრემლი შიგადაშიგ იყენებს „რბილი ძალის“ სტრატეგიასაც სხვადასხვა გეოეკონომიკური, გეოკულტურული და ინფორმაციული ზეწოლის სახით (სხვათაშორის, საქართველოს მმართველი რეჟიმის პოლიტიკა და ქართველი საზოგადოების ნაწილის გონება ამ „რბილი ძალის“ მოქმედების ველია), მაგრამ პრიორიტეტული სფერო მაინც გეოპოლიტიკაა - სამხედრო აგრესიის, სივრცობრივი ექსპანსიის და ტერიტორიული დაპყრობების პოლიტიკა. რაც არ უნდა მიმზიდველი გახდეს „ქართული ვიტრინა“ აფსუებისათვის, რუსეთის სამხედრო ყოფნა და პირდაპირი პროტექტორატი საოკუპაციო რეჟიმზე ყოველთვის დაბლოკავს „ვიტრინიზაციას“ თუ აფსუათა მითიურ მობრუნებას საქართველოსაკენ.

ამიტომ არა „ვიტრინიზაცია“, არა პრიორიტეტთა ხელოვნური გადაჯგუფება, არა გონების დატყვევება უსარგებლო და ილუზორული ოცნებებით, არამედ დასავლეთის ბლოკზე ორიენტაციის შეუქცევადობა და რუსული გეოპოლიტიკის მასირებული უკუგდების საერთაშორისო გარანტიების გეგმაზომიერი სრულყოფა და განვითარება -აი, რა უნდა იყოს ქართული პოლიტიკის საფუძველი.

დაზმირ ჯოჯუა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მოძრაობა ,,დაბრუნების“ წევრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42