საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თბილისის მერი გააკრიტიკა. დავით ნარმანიას განცხადებას საკრებულოში დეკემბრის თვეში მისვლასთან დაკავშირებით, უსუფაშვილმა რჩევებით უპასუხა და აღნიშნა, რომ უახლოესი წარსული აჩვენებს, პოლიტიკოსი, რომელიც „ასე ექცეოდა საკრებულოს თუ პარლამენტს, დიდ წარმატებებს ვერ აღწევს“.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებას დავით ნარმანიას ნაცვლად მისმა პირველმა მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა. მისი განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით, მერის სტუმრობა საკრებულოში და ანგარიშის წარდგენა წელიწადში ერთხელ არის გათვალისწინებული:
„ბატონმა დავით ნარმანიამ გააკეთა კომენტარი საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით, რეგლამენტით წელიწადში ერთხელ ხდება მერის მისვლა საკრებულოში და ანგარიშის წარდგენა, შესაბამისი სამსახურები მზად ვართ, მივიდეთ საკრებულოში და ყველა დაინტერესებული მხარის კითხვებს, იქნება ეს სამთავრობო, არასამთავრობო, მასმედია თუ ასე შემდეგ, დეტალურად, პროფესიონალურად, საქმიანად ვესაუბროთ ამ პროექტების პროცესებზე და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ფორმით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
აღნიშნულ საკითხს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკიც. ვოლსკიც ურჩევს თბილისის მერს საკრებულოში დეკემბრამდე მისვლას და არსებულ კითხვებზე შესაბამისი პასუხების გაცემას:
„მკაცრი განცხადებაა, მაგრამ რატომღაც ეს დააკავშირეს უფრო მძიმე თემასთან. მეც ვურჩევდი ბატონ ნარმანიას, მივიდეს საკრებულოში დეკემბრამდე და მიაწოდოს ინფორმაცია. დასამალი კი არა, მე ვფიქრობ ხმამაღლა სალაპარაკო გვაქვს ის, რაც გააკეთა ქალაქის მერიამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ბოტანიკური ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია. რამდენადაც შესაძლებელია, ამ საკითხთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ნარმანიამ, არამედ PR სამსახურმაც ხმამაღალი განცხადებები უნდა აკეთოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა დღეს გაკეთებულ კომენტარში ნარმანიას მხრიდან გაკეთებული განცხადებით მისი გაკვირვების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დეკემბერში შესაძლოა თბილისის მერთან შეხვედრა თავად საკრებულოს და არა მხოლოდ მას, აღარ მოუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






