„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების შემდეგ გიორგი ვაშაძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ვაშაძის განცხადებით, იგი დაფინანსებას არცერთი მსხვილი ბიზნესმენისგან არ მიიღებს. ვაშაძემ ამის შესახებ „Tv პირველის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„საზოგადოებამ ერთი რამ იცოდეს, არცერთი მსხვილი ბიზნესმენისგან დაფინანსებას არ მივიღებთ. ყველას დავარტყამთ ვინც ამ ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის დაწყებული ბიძინა ივანიშვილისგან, გაგრძელებული უჩა მამაცაშვილით და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. გგონიათ ჯიბის ადამიანი ვარ? მილიონებსაც ვიშოვიდი და მილიარდებსაც ვიშოვიდი, მაგრამ არაფრად მიღირს ჯიბის პარტიობა. დღეს საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, ვინც ბევრ ფულს ხარჯავს, იმას ხმა არ უნდა მისცენ, იმიტომ, რომ ისინი მათ ყვლეფას დაიწყებენ, ივანიშვილმა თუ დაიწყო თქვენი ყვლეფა რომელსაც მილიარდები აქვს, რას იზამს სხვა?“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით აუცილებელია ახალი სახეების წინა ფლანგზე წამოწევა. ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მშენებლობის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს:
„ჩემთვის გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო და დღეს ორმაგად პოზიტიური დღე არის, იმიტომ, რომ პარლამენტის შენობაში მოვედი და ხალხის ნაკადი არ წყდება, აქვთ კითხვები, ვსაუბრობთ, ძალიან მაგარ ახალ მოძრაობას ვიწყებთ, დარწმუნებული იყავით. ყველას მინდა ვუთხრა, მოდით, ჩაერთეთ, ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, სახელიც ერთად დავარქვათ და სტრუქტურაც ერთად ჩამოვაყალიბოთ. რაც მთავარია, ის საოცარი პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, გამოვიყენოთ ერთხელ და სამუდამოდ. დავიწყოთ ქვეყნის მშენებლობის სრულიად ახალი პროცესი, დაპირისპირება, შური, ბოღმა, გაუტანლობა დავივიწყოთ ერთხელ და სამუდამოდ, გადავიდეთ სიკეთის კეთებაზე სუფთა ფურცლით, სუფთა ადამიანებით, ადამიანებით, რომლებსაც ვერავინ ვერაფრით ვერ შეედავება. ჩემი მთავარი მიზანი არის, დავამარცხოთ გაჭირვება, ამას შევძლებთ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ შევცვლით მთლიანად პოლიტიკურ კლასს“, - დასძინა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






