ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილება და 29 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისება იქნება მთავარი თემა, რომელზეც დღეს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტზე ისაუბრებენ. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან. საპარლამენტო ოპოზიციას კითხვებზე პასუხების გასაცემად მიწვეული ჰყავს ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის მერიიდან და მთავრობიდან.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გიგლა აგულაშვილი მივიდეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით კი ეს არის ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის მცდელობა, მათივე განმარტებით, ბოტანიკური ბაღის საქმეზე აუცილებელია მეტი დისკუსია.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განმარტებით, მას ყველა სტრუქტურის წარმომადგენელი ჰყავს მოწვეული, ვისაც კი შესაძლოა რაიმე სახის შეხება ჰქონდეს ბოტანიკურ ბაღთან. თუმცა, უცნობია დაესწრება თუ არა კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვის მინისტრი.
„კომიტეტის ეს მოსმენა კინკლაობისათვის დანიშნული არ არის. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ საბაბს იყენებს ბიძინა ივანიშვილის ფიგურის დისკრედიტაციისათვის, ყველამ იცის, დიდი აღმოჩენა არ არის. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია რაიმე ფორმით ამ საკითხთან. ყველაფრის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციისათვის გამოყენება, სერიოზული ადამიანისათვის, ყოველგვარ საზღვარს სცდება. ის, რომ აქტუალური საკითხები უნდა გაირკვეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უფრო მაგრად გვაინტერესებს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები აღნიშნულ თემაზე ყოველგვარ საზღვარს სცილდება, თუმცა, იგი მიესალმება იმ ფაქტს, თუ აქტუალურ საკითხზე მეტი კომენტარები გაკეთდება:
„რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, რა ინტერპრეტაციასაც ისინი აძლევენ ამ თემას, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სანახაობა მათი მხრიდან. ეს არის უტიფარი ტყუილი. რაც შეეხება მინისტრის მოსვლას და ამ თემაზე დისკუსიის გახსნას, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, ეს კარგია, მე მივესალმები თუ ამ თემაზე მეტი კომენტარი გაკეთდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ უსამართლობასა და უკანონობას აქვს ადგილი, რასაც საზოგადოება კანონიერი მეთოდებით უნდა შეეწინააღმდეგოს:
„ბიძინა ივანიშვილი ახლა დაკავებულია პერსონალური ხუშტურების ასრულებით. გლეჯს ხეებს და მიაქვს სახლში, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუერთა საკუთარ ეზოს. ეს არის თვალშისაცემი შეურაცხყოფა ჩვენი საზოგადოების. ჩვენი ვალია, როგორც ამ საზოგადოების აქტიური წევრებისა, რომ ამ უკანონობასა და უსამართლობას ყველა კანონიერი გზით შევეწინააღმდეგოთ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბოტანიკური ბაღის თემის განხილვა გარემოს დაცვის კომიტეტზე 15:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






