„რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ალიანსი აიძულა, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გადაეხედა, თუ რამდენად უსაფრთხოა საკუთრივ ალიანსის მდგომარეობა. უკრაინაში [რუსეთის] აგრესიის შემდეგ, ნამდვილად საჭირო გახდა, ალიანსმა შემაკავებელი და თავდაცვითი საშუალებები გააძლიეროს. უკრაინის მოვლენები საერთაშორისო წესრიგის საფუძვლების მოშლას ნიშნავს. ესაა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის იმ პრინციპების ხელყოფა, რასაც ჩვენ, დასავლეთის საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელშეუვალ პრინციპებად მივიჩნევთ. დიახ, ალიანსი ახალ ვითარებასა და საფრთხეებთან ადაპტაციას ახდენს. შევნიშნავ, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გასული წლის დეკემბერში მიიღეს, ნატოსა და შეერთებულ შტატებს რუსეთის საფრთხეებად ასახელებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ფულს ვხარჯავთ შემაკავებელი და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებაში. ნატომ მზადყოფნის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეებისათვის შეკავებისა და თავდაცვის პროგრამების დაფინანსებას აოთხმაგებს და 3.4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ეს თანხა სხვადასხვა ამოცანებს მოხმარდება, მათ შორის, საროტაციო ძალების გაძლირებასა და უფრო მეტი თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის განთავსებას ევროპაში, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე. თანხა დაიხარჯება უფრო მეტ ტრენინგსა და სამხედრო წვრთნებში, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კრიზისულ ვითარებაში სწრაფად იმოქმედონ. შეერთებული შტატები რეგიონში ნატოს არაწევრ პარტნიორებსაც დაეხმარება, რათა აგრესიულ რუსეთთან დაპირისპირებაში მათი სუსტი მხარეები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს დიდი პროგრამაა და ბევრ მიმართულებას მოიცავს, მაგრამ დიახ, ალიანსიცა და შეერთებული შტატებიც თვალს უსწორებენ ახალ გამოწვევებს.“- განაცხადა კარპენტერმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევისათვის რუსეთს დიდი ფასის გადახდა უნდა დაეკისროს:
„უკანასკნელი ათი წელია, ვუყურებთ, თუ როგორ იზრდება რუსეთის აგრესია. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში და რა თქმა უნდა, ვხედავთ უკრაინაში. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ საერთაშორისო ნორმების ამგვარი დარღვევისათვის რუსეთს დიდი ფასის გადახდა უნდა დაეკისროს. ყირიმში ინტერვენციის საპასუხოდ, აშშ-მა ევროპელ და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, იაპონიასთან ერთად, რუსეთს სანქციები დააკისრა. სანქციები ყირიმში და მოგვიანებით, დონბასის რეგიონში ინტერვენციასთანაა დაკავშირებული. გვჯერა, რომ დიდი ფასის გადახდის შემთხვევაში, რუსეთი სხვაგვარად მოიქცევა.“- აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.
მასალის გამოყენების პირობები






