საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს 18:00 საათზე განცხადებას გააკეთებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფომაცია პრეზიდენტის მრჩევლმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კახა კოჟორიძემ მიაწოდა.
„ამ საკითხებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებებმა გაუგებრობა გამოიწვია. ინიციატივა, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტთან შეხვედრას დაკმაყოფილდა და შეხვედრა შედგა. მოსამართლეობის კანდიდატებს ჰქონდათ კითხვები. პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ არანაირ პოლიტიკურ გარიგებას ან კულუარულ შეთანხმებას ადგილი არ ექნება. მოსამართლეობის კანდიდატები თავიანთ შეხედულებებს დააფიქსირებენ და ისაუბრებენ იმ საჭიროებებზე, რაც უზენაეს სასამართლოს სჭირდება“, - განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების საჭიროება არსებობს, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალსახა პასუხია, რომ პრეზიდენტი კანდიდატებით ვაჭრობას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






