საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებას გამოეხმაურა, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაში, ადამიანთა უფლებების დარღვევის საკითხებს და საქართველოსთვის ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ევროპის საბჭოში მიღებული იქნა, ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილება,რომელიც ძალიან ნათლად მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და პირდაპირ აკისრებს იმ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ფაქტიურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის ფედერაციას, ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, ქართულ ენაზე როგორც განათლების მიღების კუთხით, ასევე საკუთრების უფლებები, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლება და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






