ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკომ იუსტიციის სამინისტროდან უკვე მიიღო ამომრჩეველთა სია, კომისია აღნიშნული მონაცემების დამუშავებასა და ფორმირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს:
„იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს უკვე გადმოსცა საარჩევნო უფლების მქონე 3 539 949 მოქალაქის მონაცემი. კანონმდებლობის შესაბამისად ცესკო დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს უახლოეს პერიოდში დაამუშავებს და დამუშავებული და ფორმირებული სია ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, სადაც თითოეულ მოქალაქეს საშუალება ექნება გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებს, რომლებიც არიან მაგალითად რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ ამომრჩეველთა ერთიანი სია და მათი სურვილის შემთხვევაში მათ გადაეცემათ სიის სჯარო ვერსია ფოტოსურათებითურთ.“- განაცხადა ანა მიქელაძემ.
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. იუსტიციი სამინისტროს განცხადებით, ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).
მასალის გამოყენების პირობები






