საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიმდინარეობა შეაფასა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან მიიღო გზავნილები, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაფართოვდეს და გაღრმავდეს.
”ეს ეხება ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს. მათ შორის, უსაფრთხოებას, სამხედრო მიმართულებას, ეკონომიკურ პარტნიორობას და ა.შ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. საქართველოს საკითხი აშშ-ის პოლიტიკოსების დღის წესრიგში არის ერთ-ერთი უმთავრესი და ძალიან მაღალი პრიორიტეტის მქონე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი ბიზნესწრეების მხრიდან. რა თქმა უნდა, კითხვები ისმის უსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია შევქმნათ ის სტაბილურობა, რაც საჭიროა ინვესტიციების მოსაზიდად, მიუხედავად იმ უმწვავესი გამოწვევებისა, რაც რეგიონში არსებობს. ეს მარტივი არ არის და ეს შესაძლებელია თუნდაც ამ სტრატეგიული პარტნიორობის მუშაობით, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






