„მე მინდა საზოგადოებას გავახსენო, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებული ახალი პრაქტიკა, როდესაც პრეზიდენტი ისეთ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული კუთხით პრობლემურად მიაჩნია ხელმოწერის გადაწყვეტილებას ღებულობს , თუმცა ამავე დროს ჩვენ ვაკეთებთ მითითებებს პრობლემატურ საკითხებზე. ანალოგიური სიტუაცია არის დღესაც. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამარტივებული წესით კანონპროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამ ცვლილებებით ხდება 2017 წლის პირველ მარტამდე გადავადება იმ წესისა, რომელიც 2016 წლის 1 მაისს უნდა ამოქმედებულიყო. ეს წესი ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრს და დეპარტამენტის უფროსს აღარ უნდა ქონოდა კონკურსის გარეშე თანამდებობაზე პირის დანიშვნის შესაძლებლობა. მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას გავუსვა ხაზი. სამწუხაროდ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევა. ეს კონკრეტული ცვლილების ვადაც რამდენჯერმე იქნა გადატანილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის ცაიტნოტი, რა ცაიტნოტურ მდგომარეობაშიც საქართველოს პრეზიდენტს უწევს გადაწყვეტილების მიღება. კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს ათდღიანი ვადა, რათა კარგად გაეცნოს კანონპროექტს და მიიღოს გადაწყვეტილება, მოცემულ შემთხვევაში კი, ეს ათდღიანი ვადა აღარ არის დარჩენილი 1 მაისამდე და ჩვენ იძულებულნი ვიყავით სულ რამდენიმე საათში მიგვეღო გადაწყვეტილება. ასევე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს კონკრეტული საკითხი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, როდესაც გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე ხდება ექსტრაორდინალური ვითარება და ვითარების შეცვლა იწვევს ცვლილებებს კანონპროექტში. მოცემულ შემთხვევაში ხდება იმის გადავადება, რაც პარლამენტს თუ სამინისტროს თავიდანვე შეეძლო განესაზღვრა. სწორედ ასეთ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს იმ რეგულაციების გადადება, რაც მნიშვნელოვანია უწყებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქმე ეხება კონკურსს, კონკურსი მნიშვნელოვანია თითოეული უწყებისთვის, იმიტომ, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა ექმნება უწყებას შეარჩიოს ყველაზე კომპეტენტური კადრი და მეორეს მხრივ საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა კონკურენტულ გარემოში წარმოაჩინონ თავისი კვალიფიკაცია.“- განაცხადა კოჟორიძემ.
კოჟორიძის თქმით მიუხედავად შენიშვნებისა პრეზიდენტი გადავადების შესახებ კანონპროექტს ხელს აწერს, თუმცა პრეზიდენტის ადმინიტრაცია მოუწოდებს პარლამენტს, რომ კანონპროექტის მიღება ხდებოდეს იმ ვადით, რომ საქართველოს პრეზიდენტს ქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული ათდღიანი ვადის სრულად გამოყენების შესაძლებლობა:
„გვინდა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ მოვუწოდოთ, პირველ რიგში საქართველოს პარლამენტს, რომ დასრულდეს მნისვნელოვანი და სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა და კანონპროექტის მიღება ხდებოდეს იმ ვადით, რომ საქართველოს პრეზიდენტს ქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული ათდღიანი ვადის სრულად გამოყენების შესაძლებლობა. დაპირება, რომ პრეზიდენტი ცაიტნოტის ვითარებაში არ აღმოჩნდებოდა პარლამენტის წევრებისგან და თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, თუმცა ეს ვითარება კვლავ განმეორდა“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
მასალის გამოყენების პირობები






