საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დიპლომატთა კლუბი განცხადებით ეხმაურება. დიპლომატების განცხადებით ამ ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი მოვალეობის შესრულება- კონსტიტუციის დაცვა ეზღუდება :
„გუშინ, 27 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებათა პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.
საქართველოს დიპლომატთა კლუბი შეშფოთებულია აღნიშნული ცვლილებების გამო, რაც სახელმწიფოს, რომელიც, დე ფაქტო, ისედაც გასულია საკონსტიტუციო რეჟიმიდან და რეალურად იმართება არაუფლებამოსილი პირის მიერ, უკვე, საკანონმდებლო დონეზე, უზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ მექანიზმებს, რათა იხელმძღვანელოს, დაიცვას და პატივი სცეს ქვეყნის უზენაეს საკანონმდებლო აქტს. საქართველოს კონსტიტუციას.
ზემოხსენებული ცვლილებების უმრავლესობა ანტიკონსტიტუციურია: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი და ცვლილება, რომლის თანახმადაც მოსამართლეს არ შეიძლება დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმისწარმოების წესებში, ისეთი მავნე ინოვაციების შეტანა, რაც რადიკალურად გაართულებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თანხვედრაში მოდის მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული სუბიექტების მიერ დაანონსებულ შურისძიებასთან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ეს, თავის მხრით, ეფუძნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიუღებლობას საქართველოს დე ფაქტო თუ დე იურე ხელისუფალთათვის და მავნებლურია. მაგალითად - საკონსტიტუციო სასამართლოში ხელმძღვანელობის ცვლილება უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში. წარდგენილი ცვლილებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ გაადვილდეს ხელისუფლებისათვის სასურველ პირთა სასამართლოს ხელმძღვანელობაში გამწესება.
საქართველოს დიპლომატთა კლუბისათვის, ასევე, მიუღებელია ცვლილებათა პაკეტში შესული სხვა ნორმები, ისევე, როგორც ის არატრანსპარენტული გარემო და პროცესი, რაც თან ახლავს აღნიშნულ ცვლილებებს. დიპლომატთა კლუბი უერთდება არასამთავრობო საქტორისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოხატულ წუხილს იმის თაობაზე, რომ ხსენებული ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესში არ იყო სამოქალაქო საზოგადოების ადეკვატური ჩართულობა და, რაც მთავარია, პროცესიდან იზოლირებულ იქნა თვით ცვლილებათა ობიექტი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
საქართველოს დიპლომატთა კლუბი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს - შეაჩეროს ცვლილებათა პროექტის შემდგომი განხილვა და დაყოვნებლივ მიმართოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას ცვლილებათა პროექტზე საექსპერტო დასკვნის მომზადების თხოვნით.
უნდა ეთხოვოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს - საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, რადგან, თუ საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრით, თანხმდება ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, მეორე მხრივ, ახორციელებს ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პირდაპირ წინააღდმეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ საერთო ევროპულ სტანდარტებთან. მივმართავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას - საქართველოს ხელისუფლების მიერ ვენეციის კომისიაში ცვლილებათა პაკეტის ექსპერტიზისთვის არგადაგზავნის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით მიმართოს ვენეციის კომისიას აღნიშნული ცვლილებების შესწავლის თაობაზე.
მივმართავთ ევროკავშირის სტრუქტურებს - საქართველოსთან თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატების ფარგლებში დაინტერესდნენ აღნიშნული ვითარებით, რადგან პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, არღვევს ასოცირების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებასა და არსს.“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






