პარლამენტში ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წინაშე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მამუკა კაციტაძე გამოდის მოხსენებით.
აღნიშნულის პარალელურად საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპარტიული ჯგუპის წევრებმა ერთგვარი აქცია გამართეს.
მათ საკანონმდებლო ორგანოში პლაკატი მიიტანეს წარწერით: არალეგიტიმური არჩევნები - საფრთხე სახელმწიფოსთვის.
„დღეს, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტის ტრიბუნიდან წარადგენს ჩვენს საერთო ინიციატივას, სისტემის რეფორმირების შესახებ, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ, მინიმუმ ისიც კი არ დაუშვა, რომ ეს ბანერი, სადაც საქართველოს ხელისუფლებისადმი არის მოწოდება, რომ არალეგიტიმური არჩევნები არის საფრთხე ქვეყნის მომავლისთვის, შეგვეტანა. ამ ბანერის შიში მიანიშნებს იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა ის მექანიზმი რომელიც არსებობდა ძველ კანონმდებლობაში და ცდილობს არ განახორციელოს რეფორმა, რათა მოახდინოს ძალაუფლების შენარჩუნება"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, პაატა დავითაიას განცხადებით, ხელისუფლებას სიტყვის ეშინია, შესაბამისად მისი განცხადებით, დგას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობის საშიშროება:
„რა სისტემის ცვლილებაზეა საუბარი, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი გამოდის პარლამენტის სხდომაზე, ბატონი მამუკა კაციტაძე, ჩვენ აქ მოვედით ბანერით, რათა გვენახებინა, რომ 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა საფრთხის ქვეშაა, ბანერიც კი არ შეგვატანინეს რეალურად და საუბარია იმაზე, სიტყვის, ბანერის მოწოდებისაც კი ეშინია ხელისუფლებას. ბანერზე გამოსახული მიდგომის იმასთან დაკავშირებით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ლეგიტიმაცია, ესეც კი აშინებთ მათ და აქედან გამომდინარე, ფაქტი ერთია, არავინ არ აპირებს არავითარი სისტემის შეცვლას, ცალსახად ჩანს, რომ ხელისუფლება მიდის მაქსიმალურად იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ძალაუფლების მითვისება, არჩევნების გზით და ეს დარღვევაა, აქედან გამომიდინარე, არავითარი იმედი არ მაქვს, რომ 200 ათასი ამომრჩევლის ინიციატივას უმრავლესობა გაიზიარებს, მათ არ აინტერესებთ არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც საერთაშორისო ორგანიზაციები, არც პოლიტიკური პარტიები და არც 200 ათასი ამომრჩეველი. პლაკატის შეეშინდათ და როგორ ფიქრობთ, 200 ათას ამომრჩეველს დაუჭერენ მხარს?“, - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდეს:
„ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ამ გზით მიდის. ვწუხვარ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ამდენი კითხვის ნიშნები იქმნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მშვიდად ჩატარდეს ეს არჩევნები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება 2016 წელს“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დიდიხანია დასრულდა და იმის იმედი, რომ მათ შეხედულებებს მმართველი გუნდი გაითვალისწინებს არ არსებობს:
„ჩემთვის დიდიხანია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დასრულებულია. დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ უმრავლესობას ეშინია ბანერზე გამოხატურლი სიტყვებისა და 200 ათასი ამომრჩევლის. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოვა, ამაზე კითხვის ნიშანი აღარ არსებობს.
კოალიცია როდესაც იყო ერთიანი, ამ საარჩევნო კოდექსს ხმა მისცა, როდესაც დაიშალა, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ არიან კოალიციის წევრები, გამოხატავენ ახალ პოზიციებს. გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ კოალიციის ნახევარი მაინც „ქართულ ოცნებას“ უყურებს და მაინც ვაჭრობა-გარიგებაში არიან. აქედან გამომდინარე, იმედი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება, თეორიული შანსი არსებობს. დაბნეულობაა კოალიციის ყოფილ წევრებს შორის“, - განმარტა პაატა დავითაიამ.
რაც შეეხება ოპოზიციის პროტესტის აქტიურ ფაზაში გადასვლას, დავითაიამ განაცხადა, რომ ინტერპარტიული ჯგუფი მაისის პირველი დეკადის მიწურულს გეგმავს აქციებისთვის მზადებას:
„ვფიქრობ, რომ აქტიურობა დაიწყება მაისის თვეში, აღდგომების შემდგომ, რელურად ჩვენ ვხედავთ, რომ ვენეციის კომისიამ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური თაღლითობა ჩაუწერა, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტყვის თავისუფლება საშიშროების ქვეშ არის, ამ შემთხვევაში მედია თაღლითობასთან გვაქვს საქმე, ეს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხია. ამიტომ, აღდგომის შემდეგ უნდა დაიწყოს მკაცრი კოორდინაცია და აქციებისთვის მზადება. რეალურ ოპოზიციას დარჩა ერთი გზა, ეს არის ქუჩა“, - დასძინა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






