ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ეხმაურება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მათ აღარ აქვთ პოზიტიური მოლოდინი, რომ სასამართლო მოსამართლე ყაველაშვილის შემთხვევაშიც იმავე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„სამწუხაროდ მართლდება ჩვენი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო მიკერძოებულია. უკვე აშკარა ხდება, რომ სააპელაციო სასამართლო ურთმელიძის გზას დაადგა, ჩვენ სრულიად დასაბუთებული შუამდგომლობა გვქონდა, ნათია გუჯაბიძის აცილებასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ, დასაბუთებაც სრულიად უსაფუძვლო იყო, სასამართლომ ვერ გასცა მყარი არგუმენტები, გამომდინარე ამ გადაწყვეტილებიდან ახლა არ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ იგივე არ მოხდება მოსამართლე ყაველაშვილთან დაკავშირებითაც, მაგრამ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ აპირებენ სამივე მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენებას, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია თუ როგორ განვითარდება პროცესები.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის უფლებადამცველების შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად ადვოკატებმა კიდევ ერთი მოსამართლის, შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები






