„მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისათვისაც“ - ამის შესახებ შერიეგებისა და სამოქალაქო თანაწოროების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველო მეტად ინტეგრირებული ხდება ევროკავშირთან.
„გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს დამსახურებულად მიანიჭებს ბიომეტრული პასპორტებით უვიზო მიმოსვლის უფლებას უახლოეს მომავალში. ეს წარმატება კიდევ მეტად გაზრდის საქართველოს მიმართ მეტ ნდობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში. მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისათვისაც, როგორც ნიშანი, იმისა, თუ როგორ მომავალს ვთავაზობთ მათ, კონკრეტულად რა ხელშესახები სარგებელს სთავაზობს მათ ევროპული პერსპექტივა იქნება ეს უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, გადაადგილების, თუ სავაჭრო და ეკონომიკური განვითრების მიმართულები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს ევროინტეგრაციის ყველა სარგებელს, ყველა იმ ვალდებულების, პირობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რაზეც ქართულ მხარეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული.
პაატა ზაქარეიშვილმა ასევე ისაუბრა ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსური ურთიერთობებზე, როგორ ჟენევის და მის მიღმაც - სხვა ფორმატებზე.
„პირდაპირი, ორმხრივი დიალოგის წარმართვის მიმართულებით ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი დინამიკა, რომლისკენაც მივისწრაფვით. ამას, სამწუხაროდ ხელი ეშლება იმ ძალების მხრიდან, ვინც დაინტერესებულია კონფლიქტის შენარჩუნებასა და ხალხთა შორის ურთიერთობების ხელის შეშლაში. თუმცა, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩართულობის პოლიტიკას. კერძოდ, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საარქივო მასალების გაცვლის/გადაცემის, გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მიმდინარე წლის მარტის თვეში, ჩვენი ინიცირებით, ორმხრივი მოლაპარაკებების საშუალებით და ჟენევის ფორმატის გამოყენებით მოვახერხეთ გრძელვადიანი პატიმრების გათავისუფლება. ასევე, წარმატებულია წითელი ჯვრის ფასილიტაციით ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაღუპულ და დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების და გვამების გაცვლის და გადმოსვენების საკითხში. ამას აქვს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ადამიანური განზომილება არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისათვის, არამედ სამშვიდობო პროცესისთვისაც“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






