ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოხსენებით გამოვიდა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ მცირდება გამოწვევები საქართველოს წინააღმდეგ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება მშვიდობიან, პრაგმატულ და გამოსავლების მოძიებაზე მიმართულ თანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს.
„ჩვენი ამოცანაა, ნდობის მშენებლობა და შერიგება კონფლიქტით დაშორიშორებულ ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის. რთული გამოწვევების, ღია პროვოკაციების ფონზეც, მაგალითად, როგორიცაა უკანონო მავთულხლართებისა და წინაღობების აღმართვა რუსეთის მხრიდან და გამყოფი ხაზის გასწვრივ ადამიანების პერმანენტული უკანონო დაკავებებია, ჩვენ შევძელით რაციონალური რეაგირება და პროვოკაციების მაქსიმალურად განეიტრალება. თუმცა, ამ გამოწვევების სახით, ცხადია, პრობლემა ისევ სახეზეა, რაც განსაკუთრებით მათ მიმდებარე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე ახდენს მძიმე გავლენას. ამიტომ, ქვეყნის დეოკუპაცია მნიშვნელოვანი ამოცანაა, რაშიც საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების, თქვენი მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე გამოსვლისას.
სახელმწიფო მინისტრმა კომიტეტის წევრებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზეა რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა.
„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო 4 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი, ძალადობის, მცირე ინციდენტებისა და დამატებითი მსხვერპლისა დევნილების გარეშე. გამოირიცხა ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე მორიგ კონფრონტაციისთვის იყენებდა. ერთის მხრივ, კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ქართულ-რუსულ განზომილებაში, ჟენევა ამისთვის საკვანძო ფორმატად რჩება. კონფლიქტის ცალკე განზომილებაა ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური ურთიერთობები, რომელიც როგორც ჟენევის, ისე და მის მიღმაც - სხვა ფორმატების ფარგლებშიც ვითარდება“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის უმნიშვნელოვანესი და დღემდე ერთადერთი რეგულარული ფორმატი, რომელშიც ჩართულია ყველა საკვანძო აქტორი, ევროკავშირი, გაერო, ეუთო, აშშს დელეგაცია.
„ამ ფორმატის მთავარი დანიშნულებაა საქართველოსა და რუსეთს შორის დისკუსია, იმ ძირითადი საკითხების და ვალდებულებების ირგვლივ, რასაც ფორმატი უნდა ემსახურებოდეს და სამ მთავარ საკითხს მოიცავს - ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და დევნილების დაბრუნება. თანათავმჯდომარეებთან ერთად ვცდილობთ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე მცირე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას შევუწყოთ ხელი. ძალისხმევის შედეგი იყო ბოლო, 35-ე რაუნდზე გალის IPRM აღდგენა, რაც ოთხწლიანი პაუზის შემდგომ, პროგრესია და შესაძლებლობა კონკრეტული ინციდენტების პრევენციასა და მოგვარებაზე ვიმუშაოთ აფხაზეთის რეგიონის მიმართულებითაც“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობს, არის გარვეული თანამშრომლობის დინამიკა სხვადასხვა საკითხებში, როგორიც არის საარქივო მასალების გადაცემა, გარემოს დაცვის საკითხები, კულტურული მემკვიდრეობის თემები, სამედიცინო ევაკუაციის შეუფერხებელი განხორციელება, ა.შ.
„სამწუხაროდ, გადაუჭრელია ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჟენევის მომდევნო რაუნდების ამოცანად რჩება. ბოლო პერიოდში ზოგიერთი მიმართულებით გვაქვს საერთო სიტუაციის დამძიმების ტენდენციაც. კერძოდ, სერიოზულ გამოწვევად იქცა გალის რაიონში მიმდინარე პროცესები. ჟენევის შეხვედრების ბოლო რაუნდის განმავლობაში განხილვების ერთერთი ცენტრალური საკითხია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, კერძოდ კი ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობის დამძიმება და დამატებითი შეზღუდვები, რაც უკავშირდება მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვას საბავშვო ბაღებსა და საშუალო სკოლებში, ასევე, ე.წ. „რეგულაციების“ შემოღებას, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს მოსახლეობის ამ ნაწილის გადაადგილების, მუშაობის, საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






