კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-თან დაწყებულ ბრძოლას წააგებს. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეკრებილ ჟურნალისტებს რურუამ განუცხადა, თავისუფალი მედიის გაჩუმება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იზოლაციას გამოიწვევს:
„ეს პროცესები მიდის იმის შესახებ, არსებობს თუ არა საქართველოში სიტყვის თავისუფლება, ეს ძალიან მნიშვნელოივანი რაღაცაა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ის უპერსპექტივობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ელის, თუ საქართველოში სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, თუ ხელისუფლება გააგრძელებს ბრძოლას თავისუფალ მედიასთან, საქართველოს შეექმნება სრული იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე და ეს ხელისუფლების სინდისზე იქნება. თუ ხელისუფლებას ინტუიციის ნარჩენი გააჩნია, ტელევიზიას აბსოლუტურად დამოუკიდებლად არსებობის შანსი უნდა მისცეს, რადგან კონფლიქტი ხელისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის ყოველთვის სიტყვის თავისუფლების გამარჯვებით მთავრდება. იმედია რომ პროცესი კეთილგონიერების ჩარჩოში დამთავრდება ანუ რუსთავი 2-ის გამარჯვებით და ხელისუფლების სურვილი, ხელში ჩაიგდონ რუსთავი 2 და მისი მანიპულირებით გაიხანგრძლივონ მთავრობაში ყოფნა ჩავარდება“, - აღნიშნა რურუამ.
მისი თქმით რუსთავი 2-ის მიტაცების შემთხვევაში პრობლემა შეექმნება ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის საკითხს.
„ხელისუფლებას დღეს კარგი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ან მოიქცეს დემოკრატიულად ან პირიქით და დაკარგოს ყველაფერი. სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლაში ყველა ხელისუფლება მარცხდება“, - განმარტა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






