ქარდავა რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხელისუფლების ორ სავარაუდო სცენას ასახელებს.
„სცენარი შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განვითარდეს. პირველი ეს არის არჩევნებისთვის მოიშოროს რუსთავი 2, როგორც კრიტიკული ტელევიზია, რომელიც მას შეუქმნის პრობლემებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ან დაელოდოს არჩევნების შედგებს თუ დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს, რაშიც მე ეჭვი მეპარება და მოამზადოს სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ მაინც დახუროს თავისუფალი მედიის ეს ფლაგმანი, რუსთავი 2“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის გაჩუმება ან მიტაცება, ქვეყნის ევროპულ მომავალს დაასამარებს.
„რუსთავი 2-ის მიტაცება საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, არამედ მმართველი ძალის შეცდომები საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად შემოუტრიალდება საქართველოს ინტერესებს. ეს არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში ასოცირების საკითხი, ანუ საფრთხე ექმნება ჩვენს პროდასავლური კუთხით განვითარებას. ვერ გეტყვით რამდენად ეყოფა ხელისუფლებას კეთილგონიერება, შეწყვიტოს ჩარევა სასამართლოს ხელით თავისუფალი მედიის საქმიანობაში“, - დასძენს ბაჩუკი ქარდავა.
ედპ-ს ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე რუსთავი 2-ის საკითხზე, პრემიერის მიერ კითხვის პასუხად უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის არ ისურვებდა დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობაში ყოფნას:
„კვირიკაშვილის მდგომარეობაში ყოფნას არ ვისურვებდი, რადგან ეს კითხვა იქნებოდა საკმაოდ მწვავე და მტკივნეული საქართველოს პრემიერისთვის, თუ რა თქმა უნდა მისი შინაგანი განწყობა და სურვილი არ ემთხვევა იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში რუსთავი 2-თან დაკავშირებით და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






