ევროპარლამენტში დღეს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საშინაო საქმეთა კომიტეტი იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრებს, რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტს რამდენიმე კვირის წინ გადასცა.
ინიციატივა საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას ითვალისწინებს, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ სხდომა გასულ კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ვოლსკი აკეთებს:
„მოლოდინი პოზიტიურია, არავითარი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი პრაქტიკულად არ არსებობს. ვფიქრობ, ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს საქართველოს ევროპულ ოჯახში და ამის ერთ-ერთი გამოხატულება ვიზალიბერალიზაცია იქნება. ეს არ არის თემა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ საქართველოს სურვილს, ევროპული სურვილიც არის, რომ მათ რიგებს შეემატოს ის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






