ევროპარლამენტში დღეს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საშინაო საქმეთა კომიტეტი იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრებს, რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტს რამდენიმე კვირის წინ გადასცა.
ინიციატივა საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას ითვალისწინებს, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ სხდომა გასულ კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო.
დღესვე ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.
„პოზიტიური მოლოდინი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა დავალება, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პოზიტიური განხილვა უნდ იყოს. საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, სიტუაციის შემდგომ გართულებას არ ველოდები“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






