აუდიტორია 115 დღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას, გარდა პრემიერ მინისტრისა, ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილე, კანცელარიის ხელმძღვანელი და იურისტები.
შეთანხმება შედგა რამდენიმე პრინციპულ საკითხზე:
შევთანხმდით, რომ ფაკულტეტის საბჭოსა და სენატში სტუდენტი წევრების არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
სენატის წევრი სტუდენტები არ უნდა იყვნენ საფაკულტეტო საბჭოს წევრები;
რექტორის მ.შ.-ს არ უნდა ჰქონდეს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობა უნდა გაიზარდოს;
რექტორის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი წესით, ან მრავალრიცხვოვანი და პლურალისტური, დემოკრატიულად დაკომპლექტებული აკადემიური საბჭოს საშუალებით.
ამ საკანონმდებლო ინიციატივებს საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით შეიტანს საქართველოს პარლამენტში.
გარდა სტუდენტების არჩევის წესისა, საუბარი შეეხო იმ მოდელებს, რომლის საშუალებითაც უნდა წარიმართოს სტუდენტური ცხოვრება. ვთანხმდებით, რომ არსებული სისტემა არის მოძველებული და ის უნდა შეიცვალოს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის მოდელით.
პრინციპების დონეზე ამ მიმართულებითაც თანხმობა მიღწეულია.
მთავრობამ ითხოვა ერთი თვე, რომ თვითმმართველობის ყველასთვის მისაღები მოდელი საერთაშორისო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავოს. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნების შემდეგ კი, სანამ ახალი მოდელი არ იქნება მიღებული, არსებული სისტემა მუშაობას შეწყვეტს.
საუბრის მეორე ნაწილი შეეხო ძალოვანი სტრუქტურების მიერ აუდიტორია 115-ის წევრების ოჯახებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს. პრემიერმა დაგმო მსგავი ფაქტები და მოგვცა პირობა, რომ დაინტერესდება ამ თემით და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.
საუბრის ბოლო ნაწილი შეეხო განათლების ფუნდამენტურ რეფორმის აუცილებლობას, სტუდენტთა შრომითი უფლებების დარღვევას, მეცნიერების პრიორიტეტად ქცევას და ა.შ.
შედგა შეთანხმება, რომ ამ თემებზე მუშაობა აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მუშაობა გაგრძელდება. გარდა განათლების სამინისტროსა, სამუშაო პროცესში ჩართული იქნება პრემიერ-მინისტრი"- აღნიშბულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






