თავად ვასლავსკი თბილისში ჩამოსვლის პოლიტიკურ მიზნებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი მიზანი ახალი ურთიერთობების დამყარებაა. იან ვასლავსკი ვიზიტის მიზნებს ენერგეტიკის სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობით ხსნი. ის ადასტურებს, რომ აქ გარჩიკოვის სახალხო დიპლომატიის ფონდის ინიციატივით და მხარდაჭერით არის ჩამოსული.
ვასლავსკის ვიზიტს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლი თავად ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესორმა არჩილ სამადაშვილმა ლექცია პროტესტის ნიშნად დატოვა. სამადაშვილი ამბობს, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც კადრებს კრემლისთვის ამზადებს. სამადაშვილის თქმით, ვასლავსკი რუსეთის ფედერალური სამსახურთან თანამშრომლობს. ,,არავითარი კავშირი ენერგეტიკასთან მას არ აქვს, პირწვარდნილი ეფესებეს წარმომადგენელია“ - აცხადებს არჩილ სამადაშვილი.
რუსული პროპაგანდის გაძლიერების შემადგენელ ნაწილად განიხილავს ვასლავსკის ვიზიტს საქართველოში განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. ,,მისი აქ ჩამოსვლა დაფინანსებულია ლავროვის უწყების სპეციალური ფონდით. ანუ აქ უკვე ჩანს ვიზიტის მიზეზიც და მიზანიც. კითხვა ჩნდება - რა შუაშია ლავროვი და განათლება? ამაზე მაინც ეფიქრათ, დარბაზებს რომ ავსებენ ამ ადამიანის საჯარო ლექციებისთვის“ - აცხადებს შაშკინი და დასძენს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები განათლების სისტემაში საგანგებოდ აგზავნიან ასეთ ხალხს რუსული პროპაგანდის გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
,,საერთოდ განათლების სისტემაში განსაკუთრებულად დიდი სტუმართმასპინძლობით ხვდებიან ასეთ სუბიექტებს. შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ საქართველოს უახლესი ტოპოგრაფიული რუკები რუსეთის მეცნიერების აკადემიას გადასცეს... ეფესბე ძალიან მადლიერი დარჩა ამ ფაქის გამო...“ - დასძენს შაშკინი.
რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებას უკავშირებს სალომე სამადაშვილი იან ვასლავსკის ვიზიტს და ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ეს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინონ ახალგაზრდებზე“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






