საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გადამეტებულად მიაჩნია, დეპუტატის თქმით ის ოცნების გუნდის წევრებს გარკვეულ საკითხებში ემიჯნება და მიაჩნია, რომ ქვეყანა ახლა უფრო შორსაა ნატოსგან ვიდრე ადრე. აღნიშნული განცხადება მეჭიაურმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გააკეთა:
“მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ მე არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ რაღაცა დოზით რაღაცას გუნდში ვემიჯნები. აგერ უკვე ქვეყნის გარედანაც დაიწყეს ზეწოლა და შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ევროკავშირის და მასში გაწევრიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მესმის ეს მეტისმეტი ოპტიმიზმი ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ამ ოპტიმიზმს საფუძველი არ გააჩნია და მე მგონია, რომ ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რადგან ამის მზადყოფნა ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ. არ ვიცი რას ნიშნავს ხალხის დაჯერება, რომ ხვალ უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, ზეგ MAP-ზე უკეთესს მოგვცემენ, მერე უფრო უკეთესს და ა.შ. ამასობაში მე ვფიქრობ, რომ იმაზე უფრო შორს ვრჩებით NATO-სგან ვიდრე აქამდე ვიყავით“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






