საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ელისეის სასახლეში მიიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი ჟურნალისტებისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა გააკეთა:
„ფრანგული მხარე აღიარებს ყველა იმ მიღწევას, რომელიც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგა, როგორც ზოგადად, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მყარი მხარდაჭერა დააფიქსირა პრეზიდენტმა ოლანდმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით, საჰაერო ტავდაცვის მიმართულებით ჩვენ საფრანგეთთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საუბარი ასევე შეეხო ცენტრალური აფრიკის მისიას, მოგეხსენებათ, ფრანგები გახლავთ ხელმძღვანელები ამ მისიაში და ძალიან დიდი მადლობა გადაგვიხადეს ამ მონაწილეობისა და ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციისათვის“, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
ფრანსუა ოლანდთან საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს.
შეხვედრაზე ფრანგულმა მხარემ ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, არამედ ორმხრივ ურთიერთობებშიც.
მასალის გამოყენების პირობები






