„საქართველოს მედიალანდშაფტზე ძლიერი რუსული გავლენა იგრძნობა, სამწუხაროდ არსებობს ანგარიში, რომ გარკვეულ ქსენოფობიურ მედიასაშუალებას მთავრობა მხარს უჭერს. რას აკეთებეთ ამ ტენდენციის შესაჩერებლად და ითანამშრომლებს თუ არა თქვენი მთავრობა ევროპელ პარტიებთან, მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“? - ეს კითხვები საქართველოს პრემიერ მინისტრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდგომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში დაუსვეს. აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს არჩევანი პროევროპული მედიაა:
„ჩვენი პასუხი მასშტაბური, სტრატეგიული ევროპული კამპანიის დაწყებაა, ამ კაპანიას ხელმძღვანელობს ჩვენი მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში. ყველა მედიასაშუალება, ცენტრალურიც და რეგიონულიც ეწევა ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობის კამპანიას. ეს არის ანტიევროპული პროპაგანდის საპასუხო გზა. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსდება ქსენოფობიური მედიასაშუალებები მთავრობის მხრიდან, ეს უფრო ინტენსიურად კეთდება ოპოზიციური მედიასაშუალებებისთვის და ტელეარხებისთვის. ვერ დავბლოკავთ ვერცერთი მედიის რესურსს, შეგვიძლია მხოლოდ არჩევანი გავაკეთოთ, ჩვენი არჩევანი კი პროევროპული მედიაა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს 14:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოების 25 წუთიანი სიტყვა პრემიერმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე საუბარს დაუთმო. კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებისა და მცოცავი ანექსიის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






