საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანუშ ჰერმანი აფასებს. ელჩის განცხადებით, საქართველოს მიმართ ინტერესი დასავლელი პარტნიორებისგან ძალიან მაღალია:
„წინასაარჩევნო პერიოდში და ზოგადად ბოლო თვეებში ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია, მათ შორის ევროკავშირის ლიდერების, წევრი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან.საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვენთან, რომელთანაც ინტენსიური თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ბევრს მიაღწია, რეფორმების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ევროპელმა პოლიტიკოსებმა თავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია“, - განაცხადა იანუშ ჰერმანმა.
დღეს 14:00 საათძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოების 25 წუთიანი სიტყვა პრემიერმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე საუბარს დაუთმო. კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებისა და მცოცავი ანექსიის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






