როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ საარჩევნო რეფორმა განეხორციელებინა.
მისი თქმით ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შეთავაზებული 5 პუნქტიანი გეგმის განხილვა მთლიანობაში უნდა მომხდარიყო.
ედპ-ს ლიდერის თქმით ინტერპარტიული ჯგუფი მომავალ გეგმებზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებს:
„ჩვენ ვფიქრობ როგორ განვახორციელოთ დიდი ერთობა იმისათვის , რომ სამართლიანი არჩევნები არ გადაიხედოს. ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მზად არ არის, ჩვენ მთავარ ინტერესს წარმოადგენს სამართლიანი, ლეგიტიმაციის ეჭვგარეშე მყოფი არჩევნების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა ძირეული საარჩევნო რეფორმის განხორციელება“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფი პრიორიტეტების გადახედვას არ აპირებს.
"ბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის, საარჩევნო სისტემა - ეს ყველაზე მთავარი საკითხები ხელისუფლებისთვის უინტერესო აღმოჩნდა. ამ ხუთი პუნქტიდან ყველა ერთმანეთზე იყო მიბმული, არც ერთი მათგანი ცალკე აღებული ჩვენი მხრიდან არასდროს განიხილებოდა და არც მომავალში განიხილება" - განაცხადა ქარდავამ.
მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ "ნიუპოსტი" დაინტერესდა, რა იქნება ინტერპარტიული ჯგუფის შემდეგი ნაბიჯი.
ბაჩუკი ქარდავას ვკითხეთ, ხომ არ გადაინაცვლებდა პროცესები ქუჩაში, რაზეც ედპ-ს ლიდერმა ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება ნაადრევად მიიჩნია. ოპოზიციის წარმომადგენელმა საარჩევნოდ ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი პარტიების შესაძლო ალიანსზეც ისაუბრა.
"ინტერპარტიული ჯგუფი თავის ახალ დღის წესრიგთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნებისთვის. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კოალიციაზე არ ვფიქრობთ. ახლა ვმსჯელობთ როგორ გვქონდეს დიდი ერთობა რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების პერსპექტივა არ მოკვდეს"- დასძინა ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






