საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, იგი ვარშავის სამიტზე მაპ-ს არ ელის და მისი თქმით „მაპი არის წარსული“. შესაძლებელია თუ არა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება სამოქმედო გეგმის გარეშე? ამის შესახევ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მისი განმარტებით ეს ტექნიკურად შესაძლოა და თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მაისში, ბრიუსელში ალიანსის მინისტერიალზე დააყენებს.
ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ლევან ბერძენიშვილიც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევაში შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან სპეციფიური ნაბიჯები გადაიდგას:
„ჯერჯერობით არცერთი ქვეყანა არ გამხდარა ალიანსის წევრი მაპის გარეშე. ამიტომ, იქნება თუ არა მაპი საჭირო, მომავალში გამოჩნდება. თუმცა, საქართველოს და ეს ძალიან ბევრ მოღვაწეს უთქვამს ნატო-ში, აქვს ყველა მექანიზმი და შეიძლება არ სჭირდებოდეს მაპი. ჩვენი ქვეყანა შესაძლოა უნიკალური მაგალითი აღმოჩნდეს ამ თვალსაზრისით. ორივე მოსაზრება სწორია, მაპის გარეშე არავინ მიუღიათ, მაგრამ არც არავისთვის არასდროს უთქვამთ, რომ იგი ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა სპეციუფიური ნაბიჯი იქნას გადადგმული“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






