საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგს 19-21 აპრილს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. გიორგი კვირიკაშვილს ასევე ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი უმასპინძლებს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ქართული დელეგაციის წევრები იმ შეხვედრებზე საუბრობენ, რაზეც საქართველოს მთავრობის მეთაური სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს. კვირიკაშვილი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
„სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო რეფორმა, რომელიც არ გატარდა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო რეფორმის სამივე ტალღა, რომლის სახეებადაც იქცნენ ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც ევროპის საბჭოს აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა. ასევე სერიოზულ პრობლემად რჩება სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართულობა ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ, ეს შეკითხვები იქნება, არა მხოლოდ საქართველოს დელეგაციიდან, არამედ იქნება ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდანაც“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
მასალის გამოყენების პირობები






