აღნიშნულ საკითხებს საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ეხმაურება. „ნიუპოსტთან“ საუბრისას შაშკინმა იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც აღნიშნულ რეფორმებს შორის არის 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ.
შაშკინის განცხადებით, სახელმწიფოს სამი წლის განმავლობაში შეეძლო სკოლებისთვის ავტობუსების შეძენა, მაგრამ სანიკიძის უწყება შუამავალ კომპანიებს უხდის თანხას, რომლებიც სკოლებისთვის ავტობუსებს ქირაობენ,ს ამ წელიწადში კი ამ ყოველივეში 100 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული:
„მანანა კობახიძის განცხადება განათლების წარმატებული რეფორმის შესახებ, ძალიან სასაცილო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო სატირალი. ის, რაზეც საუბრობენ კობახიძე, მავნებელი სანიკიძე თუ მთავრობის სხვა წევრები, ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ ორ რეფორმას განათლების სისტემაში. ეს არის უფასო სახელმძღვანელოები და უფასო ტრანსპორტი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ტყუილია.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ სამ წელიწადში რაც სახელმწიფომ უკვე გადაიხადა ამ ავტობუსების მომსახურების ქირის საფასურში, საკმარისი იყო, რომ ყველა სკოლისთვის სახელმწიფოს ავტობუსი ეყიდა. ხაზს ვუსვამ, რომ ის კომპანიები, რომლებიც ახლა ემსახურებიან განათლების სამინისტროს და სკოლებს ავტობუსებით, ამ კომპანიებს არ ეკუთვნის არცერთი ავტობუსი, ისინი ჩვეულებრივი შუამავალი კომპანიები არიან, რომლებიც ძალიან დიდ თანხას იღებენ იმისათვის, რომ მოელეპარაკონ ავტობუსების კერძო მესაკუთრეებს და ისინი მოემსახურონ სკოლებს. რიგ შემთხვევაში, ერთი ბავშვის გადაყვანა ქალაქ თბილისის ფარგლებში, სახელმწიფოს 5-დან 8 ლარამდე და ასე შემდეგ უჯდება. ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ ამაზე უკვე დახარჯა, ეს არის უბრალოდ გაფლანგვა, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა, რომ ყველა სკოლისთვის ეყიდათ ავტობუსები“, - აღნიშნა შაშკინმა.
მისივე თმით 2012 წლამდე სკოლების 15-დან 20 პროცენტამდე საკუთარი ავტობუსი ჰყავდა, რომლებიც სახელმწიფომ შეიძინა, ამ დროისათვის კი ეს ავტობუსები განადგურებულია:
„რითი განსხვავდება ეს რეფორმა იმ რეფორმისგან რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით?! ჩვენ ვყიდულობდით ავტობუსებს, ვაძლევდით სკოლებს, იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ გარდა სკოლაში წაყვანისა და წამოყვანისა, სკოლას აქვს სხვა ბევრი აქტივობა, როგორიცაა მაგალითად ექსკურსია, ამ შემთხვევაში მშობლებისგან აგროვებენ ფულს იმისათვის, რომ წაიყვანონ ბავშვი ექსკურსიაზე. ჩვენ ვყიდულობდით ამ ავტობუსებს, ვაძლევდით სკოლას და ეს ავტობუსები უფასოდ ემსახურებოდა ბავშვებს. გვირჩევნოდა, რომ ეტაპობრივად გვეყიდა ეს ავტობუსები, ვიდრე დაგვეხარჯა ათეულობით მილიონი ლარი ქირის გადახდაზე. რასაც სახელმწიფო და მავნებელი სანიკიძე აკეთებენ, არის ის, რომ შუამავალ კომპანიებს უხდიან ძალიან დიდ ფულს. როდესაც სამ წელიწადს შევაჯამებთ, გამოდის რომ დახარჯულია უკვე 100 მილიონ ლარზე მეტი. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ ბავშვებს ემსახურებოდეს ავტობუსი, მაგრამ ვკითხოთ მშობლებს მართლა ემსახურება თუ არა ეს ავტობუსები მათ შვილებს? როდესაც საუბარია, რომ თურმე საქართველოში ყველა ბავშვს ავტობუსები ემსახურება, ნეტა ვის ატყუებენ? თვითონ მშობელმა თავის თავს დაუსვას შეკითხვა, ეს ტყუილია. ჩვენს პერიოდში დაახლოებით სკოლების 15-დან 20 პროცენტამდე უკვე ემსახურებოდა ავტობუსი და ჰყავდათ საკუთარი ავტობუსი. ახლა ეს ავტობუსები განადგურებულია. იმის ნაცვლად, რომ სკოლას ავტობუსები ჰყავდეს, შუამავალი კომპანიები იღებენ ძალიან დიდ ფულს“, - განაცხადა განათლების ყოფილმა მინისტრმა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 2012 წლამდე სახელმწიფო ყოველ მეოთხე სკოლის მოსწავლეს ახალ სახელმძღვანელოებს ჩუქნიდა, სულ 120 ათას ბავშვს, რომლებიც გახლდენ სოციალურად დაუცველნი, სხვადასხვა კატეგორიის ბავშვები, ჯარისკაცთა და ომში დაღუპულ გმირთა შვილები. 2015 წლის შემდეგ კი ბავშვებს მეორადი წიგნები ურიგდებათ, მშობლები კი იძულებულნი არიან ახალი სახელმძღვანელოების შეძენის სურვილის არსებობის შემთხვევაში, წიგნებში 150%-ით მომატებული ღირებულება გადაიხადონ ვიდრე 2012 წლამდე იყო:
„რაც შეეხება სახელმძღვანელოებს. 2012 წლამდე სახელმწიფო ყოველი მეოთხე ბავშვისთვის ყიდულობდა სახელმძღვანელოებს, ესენი იყვნენ სოციალურად დაუცველები, სხვადასხვა კატეგორიის ბავშვები, ჯარისკაცებისა და ომში დაყუფული ბავშვების შვილები, სულ ჯამში 120 ათასი ბავშვი. ჩვენ ვყიდულობდით ახალ სახელმძღვანელოებს და ამ ბავშვებს საჩუქრად ვურიგებდით. ეს 2015 წლის შემდეგ შეიცვალა. სანიკიძემ თქვა, რომ ყველა ბავშვს უნდა ვუყიდოთ სახელმძღვანელოებიო. მართლაც, პირველ წელს დახარჯეს ძალაინ დიდი ფული, დაახლოებით 20 მილიონ ლარამდე, მოკლეს კერძო გამომცემლების ბიზნესი, უმუშევრად დატოვეს დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანი და მოკლეს ბაზარი, რომლის მოცულობა იყო 65 მილიონი ლარი, რაც საქართველოსთვის არის ძალიან დიდი.
მეორე და მესამე წელს მეორადი, დახეული სახელმძღვანელოების დარიგება დაიწყეს. ამ წიგნებს არ აქვს მაგარი ყდა და ისინი მალე ფუჭდება. მესამე წელს, მშობლებმა ახალი სახელმძღვანელოების შეძენა დაიწყეს, რადგან შეუძლებელი იყო ბავშვისთვის დახეული წიგნის მიცემა. სამი წლის შემდეგ მივიღეთ ასეთი რამ, რომ ის 120 ათასი ბავშვი, რომელიც ჩვენს დროს იღებდა ახალ სახელმძღვანელოებს, ახლა იღებს დახეულ წიგნებს. ყველა მშობელი, ვისაც ოდნავ შემოსავალი აქვს, ცდილობს შეიძინოს ახალი სახელმძღვანელოები. ამას ემატება სახელმძღვანელოებზე 150%-იანი ფასის მატება. ეს ეხება არა მხოლოდ იმ მშობლებს, რომლებსაც სურთ ახალი სახელმძღვანელოები შეუძინონ საკუთარ შვილებს, არამედ 80 ათას ბავშვს, რომლებიც სწავლობენ კერძო სკოლებში. რადგან ბავშვი სწავლობს კერძო სკოლაში, არ ნიშნავს, რომ მშობლებს დიდი ფული აქვთ.
ასეთი სიტუაცია მივიღეთ ორი აბსოლუტურად იდიოტური რეფორმის განხორციელების შედეგად. ერთის მხრივ დაიხარჯა 100 მილიონი ლარი იმისათვის, რომ ბავშვები წაიყვანონ და მოიყვანონ და რეალურად ბავშვები არ დაჰყავთ მსგავსი ტრანსპორტით. ეს თანხა შუამავლების ჯიბეში წავიდა.
მეორე რეფორმა კი წიგნების რეფორმა, როდესაც იმ 120 ათას ბავშვს რომლებსაც ჩვენ ახალ წიგნებს ვჩუქნიდით, ახლა აძლევენ ძველ წიგნებს. მოკლეს 65 მილიონიანი ბაზარი, გამომცემლებს ძალიან დიდი ზარალი მიაყენეს და ის მშობლები, რომლებსაც ოდნავ შემოსავალი აქვთ, ცდილობენ ახალი წიგნების შეძენას და უწევთ 150 პროცენტით მეტი თანხის გადახდა, ვიდრე ჩვენს დროს“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






