როგორც "ნიუპოსტს" ერთ-ერთი დაზარალებული მარიეტა ბზიკაძე უყვება. მისი ბავშვობის მეგობარი(დიანა სოფრომაძე) მოქალაქეებს 1500 დოლარი სანაცვლოდ დუბაიში წაყვანას და იქ დასაქმებას ჰპირდებოდა, თუმცა საზღვარგარეთ ჩასულ 35 ადამიანს არც სამსახური დახვდათ და დასაქმების სანაცვლოდ სოფრომაძისთვის მიცემული თანხაც უკან არ დაბრუნებიათ. მეტიც ქართველებმა დუბაი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს.
"სოფრომაძესთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა, ჩემი შვილის ტოლი შვილი ყავს, რომელსაც ერთად ვზრდიდით. 2015 წლის დეკემბერში ჩემთან სახლში მოვიდა, გვითხრა რომ ქუთაისის მერიაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდა. გვითხრა, რომ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნებოდა, რაც საზღვარგარეთ გაივლიდა ტრეინინგებს. ისიც მითხრა რომ თურქეთსა და დუბაიში უკვე იმყოფებოდა. შესაბამისი ფოტოებიც გვაჩვენა. შემდეგი შეხვედრა 7 იანვარს შედგა. შეხვედრისას მან გვითხრა, რომ მერიის დაფინანსებით ხდებოდა მუშა ხელის მოძიება და მათი დასაქმება დუბაიში. ანაზღაურებაც საკმაოდ დიდი იყო - დღეში 20 დოლარი ერთ საათში. ამაში არ შედიოდა საცხოვრებელი, რადგან დიანა ირწმუნებოდა, რომ ცხოვრებას და მათ შორის კვებას დამსაქმებელი უზრუნველყოფდა. იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, რომ კონტრაქტი არ მომითხოვია, ბრმად ვენდე. დიანა გვიყვებოდა, რომ სამ თვეში 9 000 დოლარზე მეტს იშოვიდა მუშა ხელი. მისი წასვლის შემდეგ, ჩემმა მეუღლემაც გამოთქვა სურვილი დუბაიში სამუშაოდ წასულიყო. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას, ამიტომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის სურვილი ჩვენს ახლობლებს და მეზობლებსაც გაუჩნდათ. სამ მათგანს, რომლებიც ძალიან ახლო მეგობრები და ნათესავები არიან ფული პირადად მე მივეცი. დუბაიში დასაქმების მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, სოფლად მცხოვრებლებიც გვეხმიანებოდნენ. დღეს კი ეს თანხა დაკარგულია, პასუხს კი დაზარალებულები მე ყველაზე დაზარალებულს მთხოვენ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" საუბრისას მარიეტა ბზიკიძემ.
მისი თქმით პირველი კითხვა, რომელიც აეროპორტში გაუჩნდა, 2-თვიან ტურისტულ ვიზასთან დაკავშირებით იყო.
"აეროპორტშივე ვკითხე დიანას ვიზის შესახებ, თუმცა დამარწმუნა, რომ ტურისტული ვიზა დუბაიში ჩასვლიდან მალევე გადაკეთდებოდა სამუშაო ვიზად, მითხრა უმნიშვნელო პროცედურების გავლაა საჭიროო. დუბაიში ჩაფრენის მომენტიდან ბუნებრივია მეუღლესთან სისტემატიური კონტაქტი მქონდა, დღეები ისე გადიოდა, რომ სამსახური არ ჩანდა. ვიზას კი 16 აპრილს ვადა გასდიოდა. ამასობაში დუბაიში მოტყუებით ჩასულებმა, ქართველები გაიცნეს, მათ შორის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელი, როცა მათ ნახეს ვიზები გაირკვა, რომ ჩვენებს 8 თვე უკვე გადაცილებული ჰქონდათ. ქართველებმა დუბაი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს"- განაცხადა ბზიკიძემ.
მისი თქმით, სოფრომაძის თაღლითურ ქმედებაზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ეს უკანასკნელი დაკავებული არ არის.
"აქცია სანამ არ მოვაწყვეთ გამოძიება უმოქმედოდ იყო. შემდეგ ადვოკატს მივმართეთ, ამის შემდეგ მოხდა ჩვენი დაკითხვა. ამ ეტაპზე გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს, როდემდე ივლის სოფრომაძე ქვეყნიდან-ქვეყანაში არ ვიცი"- განაცხადა ბზიკაძემ.
დაზარალებულები არ გამორიცხავენ, რომ სოფრომაძეს მფარველები ჰყავს.
"როცა საქმეზე საუბრობდა დაასახელა თამარ და ზვიად ჭაჭიაშვილები, მისი თქმით ისინი მაღალი თამდებობის პირები არიან, თუმცა პირადად ჩემთვის არ არის ცნობილი ვინ არიან და მართლა მუშაობენ თუ არა მაღალ თანამდებობაზე ეს ადამიანები. დაასახელა "შონზოც". თქვა რომ ამ საქმეში მსახიობი ეხმარებოდა, მეტიც, ის იყო თანამონაწილე. შონზი დუბაიში ნამდვილად შეხვდა ჩვენ ბიჭებს, თუმცა დასაქმებაზე არაფერი უთქვამს"- განაცხადა დაზარალებულმა.
"ნიუპოსტი" ინფორმაციის გადამოწმებისთვის ზურაბ (შონზო) გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა.
- იცნობთ თუ არა დიანა სოფრომაძეს, რომელსაც მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ?
- ამ ადამიანს არ ვიცნობ...
- შეხვდით თუ არა დუბაიში სოფრომაძის მიერ ჩაყვანილ ქართველებს?
- კი, შევხვდი.
- რაზე ისაუბრეთ?
- დასაქმებასთან დაკავშირებით იყო საუბარი...
- დასაქმებას შეჰპირდით?
- მე არავის არაფერს შევპირებულვარ.
როგორც დაზარალებულთა ადვოკატმა აკაკი ჯანელიძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, სოფრომაძე კი დაკავებული არ არის.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






