საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას არჩევნების თარიღსა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადებზე არსებულ გაუგებრობაზე. აბაშიშვილის განცხადებით არ შეიძლება პრეზიდენტისა და პრემიერის შეთანხმებები მოგვიანებით უგულვებელყოფილი იყოს:
„8 ოქტომმბრის შეცვლა არ განიხილება, 8 ოქტომბერი აპრილში სწორედ იმიტომ განისაზღვრა, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის მეტი დრო ყოფილიყო. ამის შემდგომ იყო კომუნიკაცია იმავე საღამოს, შემდგომ დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან, პრემიერთან, იყო თხოვნა, რომ გამომდინარე რესურსების ხარჯვიდან, საბიუჯეტო ხარჯვიდან, სხვადასხვა ტიპის არგუმენტები არსებობდა, იქნებ 8 აგვისტოს დაწყებულიყო კამპანია. პრეზიდენტის და პრემიერის კონსულტაციები ყოველთვის არის უკიდურესად საქმიანი და კონსტრუქციული, ყოველთვის ძალიან მეგობრულ გარემოში მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის საუბრები.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი თანხმდებიან, შემდგომ კი გადაწყვეტილების შეცვლა ხდება. არ უნდა ხდებოდეს ასეთი ტიპის შეთანხმებების ცვლილება. რაც მთავარია, არ უნდა ხდებოდეს ამ შეთანხმების დარღვევის საკმაოდ არაკვალიფიციური გამართლების მცდელობა. ვერანაირად ვერ იქნება მისაღები არგუმენტი ის, რომ თურმე საარჩევნო კამპანია იმიტომ არ უნდა დაიწყოს ადრე, რომ გარკვეულმა მინისტრებმა შესაძლოა პორტფელი დატოვონ ცოტა უფრო ადრე და გარკვეულ სამიტებში მონაწილეობას ხელი შეეშალოს. ეს არ არის სერიოზული არგუმენტი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
იგი ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პრემიერმა ამ საკითხზე განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა და გარკვეულ მოწოდებებს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით:
„არ არის საუკეთესო გამოსავალი, რომ მთავრობის სხდომაზე იქნას გაკეთებული მოწოდება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.
8 ივლისს კამპანიის დაწყება არის მიუღებელი. პრეზიდენტის და პრემიერის პირველი შეთანხმება 8 ოქტომბერს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განპირობებული იყოს სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილიყო უფრო მეტად პროგნოზირებადი. ვფიქრობ ნაწილობრივ ეს მოხერხდა, ახლა საჭიროა ამის სამართლებრივად სწრაფად გაფორმება, ამის მცდელობა იყო, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი ვერ მივიღეთ“, - განმარტა მან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, პოლიტიკურ განცხადებას სამართლებრივი გაფორმება სჭირდება:
„როდესაც კეთდება პოლიტიკური განცხადება, მას სამართლებრივი გაფორმება სჭირდება. უნდა დაიწყოს ყველა ტიპის სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება, რამაც ამ პროცესის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






