”საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგენელმა ხათუნა ლაგაზიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონებში შეხვედრების დროს ფონდის წევრების მიმართ ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები დაასახელა:
”ჩვენთვის მძიმე რეალობა იყოს ის, რაც რაიონებში შეხვედრებისას აღმოვაჩინეთ. ბევრ რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა პირდაპირი ხელშეშლა მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების. ასევე ხდებოდა გაფრთხილება საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების, რომ არ დასწრებოდნენ ჩვენს შეხვედრებს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ განათლების რესურსცენტრების ხელმძღვანელები და წარმომადგნელები, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების დანარჩენი მოხელეები.
იმავე დღეს ახმეტაში დარბაზის წინ, სადაც ჩვენი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, ორი საათის განმავლობაში პატრულირებდა თავად ახმეტის მაჟორიტარი ზვიადაური და როგორც მოსახლეობა აცხადებს, მისი პატრულირების მიზანი ის იყო, რომ შეხვედრაზე დიდი რაოდენობით მოსახლეობის მისვლა არ დაეშვა, თუმცა მიზანი მიღწეული ვერ იქნა. 3 დღის წინ, ახალქალაქში ჩვენი ორი თანამშრომლის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ოთხი მანქანა აკონტროლებდა და მათ შეხვედრებს პირადაპირ ვიდეოთი იღებდნენ. გარდა ამისა, ტყიბულში საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ჩვენთან შეხვედრას არ დასწრებოდნენ. განსაკუთრებით გააფრთხილეს მაღაროელები, რომ მათ საკუთარ პრობლემებზე არ ესაუბრათ. ასევე გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ იმერეთის ერთ-ერთ რაიონში სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ ადამიანს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი შეხვედრების ორგანიზებაში. ჩვენ ამ ინფორმაციას ვაზუსტებთ. ლენტეხში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი თანამშრომელი აიძულა, რომ ჩვენთვის ოფისის გადმოცემაზე უარი ეთქვა. ჩვენი ინფორმაციით, ასეთივე ფაქტს აქვს ადგილი სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში. ამაზეც ინფორმაციას ვაზუსტებთ. მე ვკითხულობ ღიად, რა არის ეს თუ არა ოპონენტების, განსხვავებული საზოგადოებრივი აზრის დევნა? მითუმეტეს, რომ საქმე გაქვს არა პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ფონდთან, რომლის შეხვედრებს რაიონებში აქვს ერთადერთი მიზანი - შეისწავლოს საქართველოს მოსახლეობის პრობლემები და ამ ნიადაგზე დადოს საქართველოს განვითარების განსახვავებული ხედვა, რომელიც უპირველესად ხელისუფლებას უნდა მიეწოდოს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მან პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში საკრებულოს არჩევნების პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა:
„მინდა პირადად ვთხოვო პრემიერს, კონტროლზე აიყვანოს ოზურგეთში საკრებულოს გამოკლებული დეპუტატის არჩევნები. ჩვენს ოფისს უკვე მიმართეს კანდიდატებმა თხოვნით, იქ ფიქსირდება არაერთი შემთხვევა, როდესაც კოორდინატორებს აშინებენ.
მითუმეტეს, რომ წინ გვაქვს 2016 წლის არჩევნები და ის მეთოდები, რომელსაც ხელისუფლება ფონდის წინააღმდეგ იყენებს, უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა მასშტაბით გამოიყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ ამ საკითხებზე რეაგირება სასწრაფო წესით უნდა მოხდეს”, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






