საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებული შენიშვნები გუშინ გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ ხელი არ მოაწერა, შეთანხმებული იყო თავად მთავრობასთან.
აღნიშნული საკითხის შესახებ განმარტებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გააკეთა:
„5 აპრილამდე არსებობდა კიდევ 2 თვე, როდესაც დაიწყო საუბარი არჩევნების ადრე დანიშვნასთან დაკვშირებით. საინტერესოა, რომ პირველად, პირველ თებერვალს არჩევნების დროულად დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, პრემიერსა და პრეზიდენტს მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ამის შემდეგ იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის საუბარი, კონსულტაციები არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დანიშნულიყო, ეს შეთანხმება არსებობდა, მაგრამ პრემიერის პოზიცია იყო, რომ არჩევნები დანიშნულიყო ოქტომბრის მეორე ნახევარში. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, პირადად მე გავაგრძელე შემდგომი კონსულტაციები მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. შემდგომ შეხვედრაზე საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა პრეზიდენტისა და პრემიერის შეთანხმებით.
მეორე დღეს გამოცემული აქტი იყო სიტყვა-სიტყვით შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან. ამის შემდგომ არ აწერენ ხელს შეთანხმებულ აქტს. თუმცა, დასაბუთების ნაწილში, თავდაპირველად ითქვა, რომ ეს გამოიწვევდა საბიუჯეტო ხარჯებს, თუ არ დაინიშნებოდა არჩევნები ორი თვით ადრე. შემდგომში აღმოჩნდა, რომ თურმე თავისუფლად ყოფილა შესაძლებელი კიდევ ერთი თვით გადმოწევა, ამ შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯები აღარ ფიგურირებს? თუ ასეა, მაშინ დავიწყოთ საარჩევნო კამპანია ადრე ოფიციალურად, იურიდიულად. რაღაც ახალი რეალობა შემოდის ქართულ პოლიტიკაშიც და სამართალწარმოებაშიც. თურმე უნდა თქვა არჩევნების თარიღი და ამის იურიდიული გაფორმება არ მოახდინო. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს რა არის შემდგომ ამ შეთანხმების დარღვევის რეალური მოტივი?“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა შედგა მარგველაშვილს, კვირიკაშვილსა და უსუფაშვილს შორის, თუმცა, 9 აპრილის შეხვედრაზე შეთანხმება არ იქნა მიღწეული:
„როდესაც შეთანხმება შედგა, მთავრობასთან შეთანხმებული აქტი გამოიცა, ამის შემდგომ იყო კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. 9 აპრილს, გვიან ღამით შედგა ეს შეხვედრა. ამ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ბუნებრივია ვერც მოხერხდებოდა, რადგან ამ წუთამდე ვერ ვხედავთ ვერცერთ წონად არგუმენტს თუ რატომ არ შეიძლება არჩევნები 5 თვით ადრე დაინიშნოს. ყველა არგუმენტი ან ერთმანეთის გამომრიცხავია, ან ლოგიკაში არ ჯდება“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
აბაშიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების კომენტარებზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, აღნიშნული პარტიის წევრებს მინისტრის პორტფელების დათმობა უჭირთ:
„საინტერესო პოზიციაა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. სინამდვილეში, პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს, ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების თარიღი ინიშნებოდეს ადრე. ამ დროს შესაძლებელია მეტი რესურსის მოძიება. როცა ეს შესაძლებლობა ეძლევა, ყველაზე მეტ წინააღმდეგობას გამოთქვამს.
შესაძლოა ეს ყველაფერი იმ ფაქტორით აიხსნებოდეს, რომ მთავრობაში მინისტრის პორტფელების დათმობა არ არის მარტივი. ამიტომ, რაც უფრო გვიან დაიწყება კამპანია მით მეტი დრო ექნებათ მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობისათვის. კრიტიკა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ძალიან არაადექვატურია“, - განმარტა აბაშიშვილმა.
ადმინისტრაციის უფროსის თქმით, იგი ქვეყნის რაიმე ჩიხში შეყვანის საშიშროებას ვერ ხედავს:
„ვერანაირ ჩიხს ვერ ვხედავ, ყველა თანხმდება რომ მნიშვნელოვანია არჩევნების თარიღის ცოდნა. მე არ ვთვლი, რომ პრემიერის სურვილი იყოს ქვეყნის ჩიხში შეყვანა და კონტასიგნაციაზე უარის თქმა“, - აცხადებს აბაშიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






