პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების 5 თვით ადრე გამოცემასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს საშუალებას მისცემს ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებისთვის უკეთ მოემზადონ. აღნიშნულთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„პ.გ „თავისუფალი საქართველო“ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების 5 თვით ადრე დანიშვნის თაობაზე.
მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კამპანიის 5 თვიანი ვადა ხელს შეუწყოფს:
1. სახელისუფლებო პარტიასთან არათანაბარ მდგომარეობაში მყოფ ოპოზოციურ პარტიებს, განსაკუთრებით არასაპარლამენტო ოპოზიციას, უკეთესად მოემზადონ არჩევნებისთვის.
2. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის გახანგრძლივებას და ამით სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების შედარებით თანაბარ პირობებში ჩაყენებას.
თუმცა, თუ „ქართული ოცნება“ არ დააკმაყოფილებს არასაპარლამეტო ოპოზიციის მოთხოვნებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში გახდება მეტად დაძაბული და საფრთხის ქვეშ დადგება 2016 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი.
ამავდროულად, გამაოგნებელია „ქართული ოცნების“ პოზიცია საპარლამენტო არჩევნების 5 თვით ადრე გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ეს ქმედება ფინანსურად დამანგრეველი აღმოჩნდება საქართველოსათვის,მაშინ როდესაც სწორედ ქართულ ოცნების მოღვაწეობის 4 წლიანი ვადა აღმოჩნდა ფინანსურად დამანგრეველი . რა პერიოდშიც ლარის დევალვაციამ თავის რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია და მოხდა ფასების მკვეთრი ზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები კი ხმარდება იმას, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს თავისუფალი, მისთვის მისაღები არჩევანი და კვლავ არ დარჩეს მოტყუებული.
მოვუწოდებთ მთავრობას მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების 5 თვით ადრე დანიშვნასთან დაკავშირებით.“- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






