კონსტიტუციონალისტების აზრით შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების თარიღი შეიცვალოს. როგორც ისინი აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდებიან, პრეზიდენტს 6 თვის განმავლობაში ეზღუდება უფლება კვლავ მიმართოს პრემიერს ნორმატიული აქტის ხელმოსაწერად. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა შეცვალოს არჩევნების ან საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი.
კონსტიტუციონალისტები მოუწოდებენ გიორგი მარგველაშვილს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის მიხედვითაც, მას არ ეძლევა საშუალება არჩევნების თარიღისა და საარჩევნო კამპანიის დაწყების დრო ერთპიროვნულად გამოაცხადოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კრიზისის შექმნის საშიშროებაზე საუბრობენ.
„თუ ეს ექვსთვიანი შეზღუდვა ჩაირთო, საკანონმდებლო თვალსაზრისით ავტომატურად ვეღარ ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში, რაც არის კონსტიტუციის მოთხოვნა, შესაბამისად დაირღვევა კონსტიტუცია, ეს არის ძალიან არასასურველი მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს და სერიოზული კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების ასეთმა განვითარებამ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






