მთავრობა ინტერპარტიულ ჯგუფთან 4 ძირითადი საკითხიდან სამზე თანხმდება. თუმცა, კვლავ ღიად რჩება საარჩევნო სისტემის ცვლილება. აღნიშნულ საკითხებზე გვიან ღამით მთავრობის ადმინისტრაციაში თითქმის ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ პრემიერ-მინისტრი და „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი.
მამუკა კაციტაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ინტერპარტიული ჯგუფი მმართველ გუნდს კვლავ სთავაზობს განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები, ან პროპორციული სიის რაოდენობრივი ზრდის ხარჯზე შეამციროს მაჟორიტარების რაოდენობა.
მისივე განცხადებით, შაბათს მმართველო ჯგუფი შიდაკონსულტაციებს გამართავს, სადაც გადაწყდება, შესაძლებელი იქნება თუ არა საბოლოო შეთანხმების მიღწევა არასაპარლამენტო ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.
„შევხვდი პირადად პრემიერ-მინისტრს. შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის კანცელარიის საპარლამენტო მდივანი, ბატონი თადუმაძე, ოთხი საკითხიდან ჩვენ ვისაუბრეთ ბარიერების თაობაზე, სადაც მათი პოზიცია არის დადებითი, ვისაუბრეთ უფასო საეთერო დროისა და წარმომადგენლების საკითხზე, სადაც ასევე დადებითია მათი პოზიცია, ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხზე და აქ გამოიძებნა გარკვეული საშუალება, სისტემის ნაწილი არის ყველაზე რთული. სამ ვარიანტზე მაინც ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ იმსჯელონ და იქნებ შეხების წერტილი მეოთხე საკითხის შემთხვევაშიც ვიპოვოთ“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დეტალებს დღეს მამუკა კაციტაძე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს გააცნობს.
მასალის გამოყენების პირობები






