საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ ხელი არ მოაწერა, შეთანხმებული იყო თავად მთავრობასთან.
აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა „2030“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული წინასწარი კონსულტაციები იყო და ამ საკითხს ხანგრძლივი წინა ისტორია აქვს, სულ იყო მოთხოვნა, რომ არჩევნების თარიღი გამოცხადებულიყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს ცხადდებოდა ხოლმე. პრეზიდენტს ეს განწყობა იმთავითვე ჰქონდა და ეს მხოლოდ მისი განწყობა არ იყო. პრეზიდენტს ჰქონდა გარკვეული კონსულტაცია პრემიერთან ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დროულად მომხდარიყო თარიღის გამოცხადება, ეს არა თუ ნორმალურია, ამაზე არავითარი წინასწარი ახსნა-განმარტება საჭირო არ არის.
შემდგომ იყო კომუნიკაცია ადმინისტრაციებს შორის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საბოლოო კონსულტაციის შედეგად გადაწყდა თარიღი, გამოცხადდა იგი, შედგა სამართლებრივი აქტი, სადაც მთავრობის პოზიცია გათვალისწინებული იყო, ამის გამო მსუბუქი საყვედურებიც მიიღო პრეზიდენტმა. ყველას შევახსენებ, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულად არ ნიშნავს და არ აყალიბებს ამ თარიღთან დაკავშირებით პოზიციას, ჩვენი კონსტიტუცია განსაზღვრავს იმას, რომ პრეზიდენტი და პრემიერი კონსულტაციების შედეგად იღებენ ამ გადაწყვეტილებას.
ოფიციალური შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია ღია იყო, დაფარული არაფერი არ იყოს. საუბრები ამასთან დაკავშირებით იყო როგორც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ისე ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის და ამაში არაბუნებრივი და მოულოდნელი არაფერი არ არის.
ეს შეთანხმებული პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა სამართლებრივი აქტის სახით წარუდგინა მთავრობას კონტრასიგნაციის მისაღებად, აღმოჩნდა, რომ დღეს პრემიერმა უკან დააბრუნა“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






