ჩვენი წყარო გვიყვება, რომ ბაგა-ბაღების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების უკან თბილის მერის ერთ-ერთი მოადგილე, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, გიორგი ლილუაშვილი დგას, რომლის სახელსაც უკავშირდება მერიაში იმ თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომლებიც კონკურსის წესით არიან შერჩული. წყაროს ინფორმაციით, ლილუაშვილის მისვლის შემდეგ ამ ადამიანებს განცხადებები დააწერინეს. ,,ნიუპოსტი" თავის დროზე შეეცადა ამ თემაზე განმარტება მიეღო მერიიდან, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტიდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
სწორედ ლილუაშვილია ის პირი, ვისი უშუალო დირექტივით, დირექტორების გათავისუფლებამდე, რამდენიმე საკადრო წმენდა განხორციელდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
თავდაპირველად, თორდინავას უწყების მონიტორინგის სამსახურის და კადრების განყოფილების უფროსები გაათავისუფლეს და ეს პოზიციები “სანდო პირებს“ ჩააბარეს.
დაგეგმილი იყო თემურ თორდინავას ერთ-ერთი მოადგილის ჩანაცვლებაც კიდევ ერთი „სანდო“ კადრით. საწყის ეტაპზე „სანდო კადრის“ - მაია ქობალიას დროებითი პოზიცია - დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ეკა ძნელაძის ადგილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა და ძნელაძემ, სამსახურის დაკარგვის შიშით, დეკრეტული შვებულება ვადაზე ადრე შეწყვიტა და დაკავებულ თანამდებობას დაუბრუნდა.
თუმცა დღეს „ნიუპოსტმა“ გაარკვია, რომ ეკა ძნელაძე წინა კვირას სამსახურიდან გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი სწორედ მაია ქობალიამ დაიკავა.
ფაქტი „ნიუპოსტს“ ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურს თამარ კვირტიას იმის შესახებაც ვკითხეთ სად არის ქალბატონი ძნელაძე.
„ვადასტურებ ინფორმაციას, რომ საგენტოს ხელმძღვანელს ახალი მოადგილე ჰყავს და ის მაია ქობალიაა. რაც შეეხება ეკა ძნელაძეს, ჩემთვის არ არის ცნობილი სად იმყოფება ის“- აღნიშნა კვირტიამ.
აღსანიშნავია რომ გიორგი ლილუაშვილის კადრი - ქობალია ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აუდიტის სამსახურიდან გადაიყვანეს. მერის მოადგილესთან ქობალიას ნაცნობ-მეგობრობას ქუთაისური ფესვები აქვს.
ქობალიას ბიოგრაფიაში ძალიან საინტერესო დეტალი ის არის, რომ იგი სააკაშვილის მთავრობაში მყოფი მამუკა კერვალიშვილის ახლო ნათესავია, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსი იყო. კერვალიშვილი გამოკვეთილად აგრესიულ ფიგურად სახელდებოდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან და განსხვავებული აზრის მქონე პირებთან მიმართებაში. შესაბამისად, იგი, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური დამცველი, სწორედ ასეთი პირების ანგარიშსწორებით და სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით იყო დაკავებული. მოგვიანებით, სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური დამცველობისა და ერთგულებისთვის, კერვალიშვილი დააწინაურეს და ადეიშვილმა მას იუსტიციის სამინისტროს საფინანსო სამსახურის მართვა ჩააბარა. მამუკა კერვალიშვილი ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს და „ოცნების ხელისუფლებას“ ერთგულებას ეფიცება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით ლილუაშვილის შემდეგი ნაბიჯი თავად თორდინავას სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციიდან გათავისუფლებაა.
მიუხედავად იმისა რომ თემურ თორდინავა დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ნათესავია, ეს ფაქტი ლილუაშვილს ხელს არ შეუშლის, რადგან „ნიუპოსტის“ ცნობით ბაღების სკანდალთან და ზოგადად სააგენტოს საქმიანობაში ჩარევას ლილუაშვილი დავით ნარმანიას გვერდის ავლით ახერხებს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






