გაუარესებული კრიმინალური მდგომარეობით მინდა დავიწყო. როგორ გგონიათ, მთავრობა თვლის, რომ კრიმინალისგან არის დავალებული თუ კრიმინალი თვლის, რომ მთავრობაა მათგან დავალებული?
მიუხედავად იმისა, რომ, ბოლო-ბოლო, მაინც ყველა პოლიტიკასთან მივდივართ, თავიდანვე მინდა დავაფიქსირო, რომ ძალიან შორს ვარ პოლიტიკიდან და არ მსურს პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო. რასაც ახლა ვიტყვი, დასამალი არ არის: თავიდანვე, მოვიდა თუ არა ეს მთავრობა, კრიმინალმა - ჩვენი დრო მოვიდაო. ეს ძალიან ცუდად ისახება, როგორც ზოგადად ვითარებაზე, ასევე, ცუდად მოქმედებს, მოდით, ასე ვთქვათ, სისტემაზე. მე, ძირითადად, ვისაუბრებ პოლიციაზე. მე პოლიციის სისტემაზე ვნერვიულობ და ვფიქრობ ამ სისტემის ხვალინდელ დღეზე. ვხედავთ, რომ დაკნინებულია პოლიცია და მთლიანად სისტემა, იქიდან გამომდინარე, რომ, დღიდან მოსვლისა, ამ ხელისუფლების მიზანმიმართული ბრძოლა მიდის პოლიციის სისტემასთან.
რაში გამოიხატება ეს ბრძოლა?
მოდით, ესე ვთქვათ - ამ მთავრობის ძირითადი ბირთვი, დიდი ნაწილი ვინც იყო, იყვნენ, ძირითადად, კრიმინალური სამყაროს ლიდერების ადვოკატები წლების განმავლობაში. გინდა თუ არ გინდა, ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ფინანსურად დამოკიდებული იყვნენ მათზე, ერთი ოჯახივით იყვნენ. კბილაშვილი, შაქრო კალაშოვის ადვოკატი იყო და, უცბად, გენერალურ პროკურორად მოგევლინა. მისი პირველი განცხადებები იყო, რომ მოვედით ჩვენ და უნდა გავუსწორდეთ ვიღაცეებსო. გინდაც, მოდით, ავიღოთ პარლამენტარები, წამყვან პოზიციებზე ვინც არიან ქალბატონები - ბესელია და კობახიძე. ესენი არიან მათი ადვოკატები. განცხადებებს აკეთებდნენ და არ ფარავდნენ, რომ კრიმინალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
იქნებ, მართლა, ეს ნულოვანი ტოლერანტობა რომ იყო გამოცხადებული.....
მე არ მომწონს, სულ ცხრა წელი რომ აკერით პირზე და უკვე ვთვლი, რომ აუტანელია ეს და მაღიზიანებს.
რატომ გაღიზიანებთ?
რატომ, ახლა და... მე 1992 წელს დავიწყე მუშაობა შსს-ში. ჩემი მეგობრებმა ცოტა ადრე, ზოგმა - ცოტა მერე. 26 წელია, რაც დამოუკიდებელები ვართ, ხომ? 24 წელია ვმუშაობ მე და თავიდან ბოლომდე ვემსახურები ამ ქვეყანას და რა შუაშია ეს 9 წელი? მე ერთ რამეს გეტყვით ამ 9 წელზე: მანამდე ყველა პოლიციელი ვიყავით ძალიან ცუდ პირობებში. თვითონ სისტემა იყო ჩამოკიდებული. ბედის ანაბარა ვიყავით. ჩვენ თავზე ვიყავით დამოკიდებული. მარტივ მაგალითს გეტყვით: წარმოიდგინეთ, სამუშაო ოთახში ჩვენ თავად ვაკეთებდით რემონტს. ადამიანი რომ შემოსულიყო, რომ არ შეგვრცხვენოდა. ზამთარში გამათბობელი ჩვენ თვითონ მოგვქონდა. საერთოდ, არაფერი არ იყო... მაპატიეთ და, ჩვენ თითონ ვაგროვებდით ფულს პოლიციის განყოფილებებში, რომ ბიჭებს სველი წერტილი მოეწესრიგებინათ. აუტანელი პირობები იყო. ეს ყველა პოლიციელს ახსოვს. მესმის, რომ შემდგომ თაობებს აღარ ახსოვს და ძალიანაც კარგი, არც უნდა ახსოვდეთ. არ შეიძლება ასეთ პირობებში მუშაობა. პოლიცია იყო დამცირებული და იხრჩობოდა კორუფციაში.
რაში გამოიხატებოდა ეს კორუფცია?
გროვდებოდა „ობშიაკები“ პოლიციაში. ეს იყო სისტემური თემა. გროვდებოდა ვიღაც ერთ-ერთ უფროსთან, მერე მიდიოდა მილიციის უფროსთან, მერე აქედან მიჰქონდათ ზემოთ, მერე პროკურატურაში. ეს იყო ყველაფერი ცენტრალიზებულად. ამაში მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს ლიდერებიც. ვის მიმართაც იყვნენ ლოიალურად განწყობილი ჩვენი ხელმძღვანელები მაშინ, იმათი ფულიც მოდიოდა ამ მთლიან თანხაში და მიდიოდა ზემოთ. ეს იყო ცენტრალიზებული ჭაობი, სადაც გაფართხალდებოდი და ეგრევე დაიხრჩობოდი. უნდა აწყობილიყავით ამ სისტემაზე. ეს კომუნისტების დროიდან მოდიოდა. ყველაზე ცუდი რაც იყო, ეს ხდებოდა სკოლებშიც. იქაც გროვდებოდა ეს “ობშიაკები”, რომელიც თავს იყრიდა კრიმინალურ ყულაბაში, ეს იყო სამარცხვინო სისტემა. ისეთი პერიოდიც ყოფილა, რომ მთავრობამ, საერთოდ, მიგვატოვა, პოლიციამ თითონ ირჩინოს თავიო. ეს ჯაბას დრო იყო. თუ გახსოვთ, იყო პერიოდი - შავებში ჩაცმული ძველი ბიჭი პოლიციელები, რომელიც ძალიან მიუღებელი იყო ჩვენთვის და შეურაცხმყოფელიც. იყვნენ შეკრული ადამიანებიც. სისტემაში დაინიშნა ისეთი ადამაინები, რომლებიც შეკრული იყვნენ კრიმინალურ სამყაროსთან. აი, აქედან მოვედით და ავაშენეთ ის, რასაც აგდებით „იმ 9 წელიწადს“ ეძახიან. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ რაც გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში, ეს იყო ხალხის დაკვეთით. ეს იყო მათი მოთხოვნა. თუ გახსოვთ, მანქანას ვერ გააჩერებდი გარეთ - ნაწილებად დაშლიდნენ, არაფერს არ დაუტოვებდნენ. ბინებზე - კორპუსში არ იყო ბინა, რომ გაქურდული არ ყოფილიყო. რა ტურიზმზეა ლაპარაკი - ვერ გაივლიდა ადამიანი, ისეთი ყაჩაღობა იყო. აქედან რომ მიდიოდნენ ჩვენი მოქალაქეები სამუშაოდ ანდა სავაჭროდ, გზაში ხვდებოდნენ და აყაჩაღებდნენ. არა მარტო ჩვენი, აზერბაიჯანელები, სომხები, უცხოელები არ ჩამოდიოდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, რაც ხდებოდა. ტრასაზე ხვდებოდნენ და აყაჩაღებდნენ. იქაც შეკრულები იყვნენ. ეს იყო სისტემური, ჩამყაყებული, ცუდი მდგომარეობა. ჩვენ რაც მოსახლეობამ დაგვისახა მიზნად, ის ხუთიანზე შევასრულეთ. მესმის, შეცდომები იყო...ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ ან უნდა ყოფილიყო ქვეყანა და სისტემა უნდა გამოსწორებულიყო თავიდან ბოლომდე ან ბოლომდე ჭაობში უნდა დავრჩენილიყავით. ეს ბრძოლა იყო. ჩვენ არ ვებრძოდით ერთ ადამიანს, ჩვენ მთლიანად სისტემას ვებრძოდით. ეს ამოცანა იყო დასახული და, რეალურად, ძალიან კარგი გააკეთეს, რომ პოლიტიკური ნება იყო ამის. ვანო მერაბიშვილზე რატომ ვამბობ ყოველთვის და თვითონაც იცოდეს ციხეში: 90% პოლიციელების მადლიერი ვართ მისი. იმიტომ, რომ მან ჩვენ ავტორიტეტი აგვიმაღლა, ჩამოგვრეცხა ის სიბინძურე. მე არ ვამბობ კეთილმოწყობილ ოფისებზე, ავტოპარკის განახლებაზე, პირობებზე. ღირსებაზე ვამბობ... ღირსება პირველია ადამაიანისთვის. თქვენ კარგად იცით, რამდენი ჰქონდა მაშინ პოლიციას პროცენტულად ნდობა და როგორ აგვეწია. და ეს იმიტომ, რომ დაინახა ხალხმა - არ ვიყავით შეკრული, არ ვიყავით დამოკიდებული ვინმეზე. რასაკვირველია, ვიღაცა რესტორანში რომ დამინახავდა მე, ხელმძღვანელი, რომ ვყოფილიყავი მაშინ ქურდთან ერთად ან ვინმე ასეთთან ერთად, ძალიან სამარცხვინო იყო და მოსახლეობა მე არ დამიჯერებდა არაფერს. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ძველი ხელმძღვანელები ზეწარგადაფარებულები დარბოდნენ აქეთ-იქით, ჟურნალისტები რომ ადგებოდნენ დილით. ჩვენ კი ვიცოდით, ვინც იყვნენ - კანონიერი ქურდებს და კრიმინალებს ხვდებოდნენ ჩვენი ძველი ხელმძღვანელები. აი, ეს იყო უბედურება. დაგვავალა ჩვენმა ხალხმა - ეს ყველაფერი აღარ ყოფილიყო. ღირსეული პოლიციელები მანამდეც იყვნენ. მესმის, რომ ჭაობში იყვნენ, მაგრამ არ უნდოდათ ის ყველაფერი. რომ გამოკეთდა ეს სიტუაცია, ყველამ შვებით ამოისუნთქა, მუშაობდნენ ღირსეულად.
ეხლა რა ვითარებაა მაგ თვალსაზრისით?
ეხლა რევანშისტული განწყობებია. კრიმინალები იყვნენ განაწყენებული, ბუნებრივია. ეს რა გვიქნესო და შოკში იყვნენ. მე მქონდა შეხვედრა დსთ-ელ კოლეგებთან, სადაც მეკითხებოდნენ - როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერიო? მაგრამ, რომ მივდიოდით უკვე კორუფციამდე, ეს უკვე იმხელა ბარიერი იყო, რომ ვეღარ ახტებოდნენ ისინი. ეს იმიტომ, რომ თავიანთ ხელმძღვანელობის და პოლიტიკური ელიტის ნება არ ჰქონდათ. ეს ერთადერთი ჩვენ ვიყავით. მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში და და სხვა დსთ-ს ქვეყნებზე ვამბობ: შურდათ ჩვენი, მაგრამ იმ მანკიერ მხარეს ვერ ტოვებდნენ. ეს ძალიან გამჯდარი იყო. როგორ აკონტროლებდნენ რეგიონებს, სადაც მაღალი დანაშაული იყო? გააგზავნიდნენ ქურდს, ის იყო შეკრული პოლიციის ხელმძღვანელთან იქ ადგილზე. შეისწავლიდა სიტუაციას - ვინ იყო თავის კონტროლის ქვეშ, ვინც არ იყო - ავალებდა, რომ დაეკავებინა პოლიციის უფროსს და რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც აკონტროლებდნენ. ესე მუშაობდნენ და ეს უკვე იყო მართვადი პროცესი. ჩვენთანაც ასე იყო: თუ გაჰქონდათ კაი მანქანა, და არ არსებობდა, დღეში რამდენიმე მანქანა რომ არ დაკარგულიყო, მო-დიოდა ზარი. უბრალოდ, იცოდნენ, ვისთვის მიემართათ - უბანში ვინც იყო ძველი ბიჭი, ის დარეკავდა ციხეში და იქ მიიტანდნენ თანხას. რასაკვირველია, ადმინისტრაცია შეკრული იყო და ამ ყველაფერს აკონტროლებდა. თანხას შეიტანდნენ და ეტყოდნენ, სად ეგდო მანქანა..
ახლა რა ვითარებაა ამ მიმართულებით?
რაც ვიბრძოლეთ და რასაც მივაღწიეთ, თვითდინებით რამდენიმე წელი გაგრძელდებოდა - ეს იყო ჩემი ვარაუდი. ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კრიმინალი გამოვიდა ციხეებიდან. ერევანში, თუ გახსოვთ, დიდი შეკრება მოაწყეს ეგრევე. ვყვიროდით, შეეკითხეთ მაინც სომხებს, რომ, რა ხდება? რატომ არიან შეკრებილები? და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ეკითხათ. მერე მივხვდით, რომ აქ რაღაც რთულად იყო საქმე. რომ გამოვიდა ეს ხალხი და განაცხადეს - ჩვენი დრო მოვიდაო, ეს უკვე საგანგაშო იყო ჩვენთვის. ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება ამათმა ასე იარონ და იძახონ „ჩვენი დრო მოვიდა“. კრიმინალი დაუბრუნდა თავისი სიტუაციების აღდგენას, ამ თანხების მოკრებას, ისევ ჩაყვეს ცხვირი ტენდერებში, ძალიან ცუდად მიდის ყველაფერი. კრიმინალს სურს, რომ ყველაფერი კვლავ მოაქციონ თავიანთი გავლენის ქვეშ, იმიტომ, რომ დავალებულად თვლიან ამ მთავრობას, მათი ხელისუფლებაში მოყვანის გამო. ასე, რომ ესაა ჩვენი უბედურება.
პოლიცია როგორ რეაგირებს ამაზე?
პოლიციელები ყველაფერს ხედავენ და, რასაკვირველია, შეწუხებულები არიან ამით. კიდევ ერთხელ ვამბობ - დღე არ ამბობენ ღიად და ვერ ამბობენ იმიტომ, რომ თმენის ვალდებულება აქვთ. მეორეც - ოჯახები ჰყავთ და ხელფასიდან ხელფასამდე არიან. ვერ აკრიტიკებენ ამიტომ ღიად. ჩვენ ორგანიზაციას რაც შეგვიძლია, ვაკრიტიკებთ და ხმამაღლა ვამბობთ, რომ მისახედია ეს ყველაფერი. არ შეიძლება, დათმო პოზიციები; არ შეიძლება, სტრუქტურა დააყენო თავდაცვით რეჟიმში. ის განაწყენებული ტიპებიც დააბრუნეს, ვინც გავუშვით ჩვენ, ვისაც არ უნდოდა წესიერად მუშაობა. ახლა ესენი, ბუნებრივია, ალბათ, ახლაც იღებენ რაღაცეებს და რაღაც სიტუაციებში არიან გარეულები და, შეიძლება, ტენდერებსაც იგებენ ქურდებთან ერთად.
ბოლოდროინდელი ფარული ჩანაწერების თემაზე მინდა გკითხოთ
მე საერთოდ არ მინდოდა, შევხებოდი ამ ფარულ ჩანაწერებს. მაგრამ გეტყვით ჩემს აზრს. ჩვენ იმდენად სისტემატიურად ვმუშაობდით და ისე ვმუშაობდით დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების წინააღმდეგ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირ კანონს ვიყენებდით. ეს არ იყო უკანონო ჩანაწერები. კრიმინალების საუბრებს ვგულისხმობ.
მოდით კანონიერებაზე ვთქვათ...
აი, მაგალითად, ვმუშაობ რაღაც დაჯგუფებაზე, დამნაშავეთა სამყაროს ლიდერები ან ყაჩაღური დაჯგუფება. ამათზე ვმუშაობ და დაგჭირდა ფარული თვალთვლი ან ფარული ჩანაწერების გაკეთება. მოგიტანეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ეს ჯგუფი აპირებს ამას და ამას. ფარული მიყურადება-ჩაწერა-გადაღება არის ორი სახის: სტანდარტული და გადაუდებელი. არსებული ინფორმაციის დროს, როცა დგება საჭიროება და ფარული მოსმენა-მიყურადება-ჩაწერის განხორციელება, ამის შესახებ შეტყობინება ეგზავნება პროკურატურას, ასაბუთებ მიზეზს, თუ რა ინფორმიის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ღონისძიება და თხოვ შუამდგომლობას სასამართლოს წინაშე, რომ ამ უკანასკნელმა გასცეს ბრძანება ფარული მოსმენა-მიყურადება-ჩაწერის განხორციელების შესახებ. გადაუდებელის შემთხვევაში, ატარებ ღონისძიებას და 24 საათის განმავლობაში ატყობინებ ზედამხედველ პროკურორს, რომ მოახდინე ფარული ღონისძიება და თხოვ შუამდგომლობას სასამართლოს წინაშე შენს მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერებაზე. ყველა შემთხვევაში ატყობინებ ზედამხედველ პროკურორს და ის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს ქმედების კანონიერებაზე. ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით. მაგრამ ის, რომ ახლა პოლიცია, კრიმინალური პოლიცია ან პატრული, ან კიდევ სხვა პოლიციური სამსახურები, რაღაც კერძო თვალთავლს ახორციელებდა, ეს არის სისულელე. ეს ტალახი მიუღებელია.
ყველა პოლიციელისთვის, ყოფილისთვის თუ მოქმედისთვის, მიუღებელია. იმიტომ, რომ ეს თანამშრომლები გამოავლენენ ყოველდღიურად ძალიან დიდ პროფესიონალიზმს. მათთვის ამის გაკეთება არის მიუღებელი. აუცილებლად სანახავი იყო, რომელ საქმეს არ ჰქონდა სასამართლოს უფლება აღებული. აი, ეგ არის, თორემ, რასაკვირველია, ბევრი ფაილი იქნებოდა. ყველა ქვეყანაში ბევრი ფაილი ინახება. ეს სამუშაო პროცესია. საზოგადოება არ უნდა შეიყვანონ შეცდომაში, რომ 20 000 და აბრახუნებენ რაღაც ციფრებს და ხალხი ამბობს, რომ - თურმე ესენი რითი ყოფილან დაკავებულიო. ნახე, რა საშინელებაა, რა ცუდი პოლიციაა. საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რომ ასე არ არის, ბატონებო. იქ ყველაფერი კანონიერად კეთდებოდა. ის, რაც უკანონოდ გაკეთდა, ეს ვიღაცა გზააცდენილი, უკონტროლო, არამზადები იყვნენ. ამას ნუ აწერთ პოლიციას. ისინი, არც ერთი, პოლიციელები არ იყვნენ ის. ჩვენც მოგვხარშეს მერე ყველა ერთად აღებული. ბიჭები ნერვიულობენ - მოქმედი პოლიციელები. არ შეიძლება, არ გაუკეთებიათ ეგეთი რამე არასდროს ცხოვრებაში. სხვის საძინებელში რა ხდება, ჩვენი საქმე არ არის. ეს დანაშაული არ არის. მოდით, ასე ვთქვათ, დანაშაული რაც არ არის, არ უნდა გამოიყენო ბოროტად არასდროს.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია კორტების საქმესთან დაკავშირებით. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?
კორტების საქმესთან დაკავშირებით აპრიორი ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რატომ ვამბობ ამას: საქმე არც ჰქონიათ გადაშლილი, ერთი ფურცელი არ წაუკითხავთ, არ გაეცვნენ საქმეს და უკვე მემორიალი გახსნეს. ე.ი აპრიორი დაადანაშაულეს მეორე მხარე მოსულმა პოლიტიკურმა ელიტამ. მოსვლისთანავე გაამართლეს ესენი. რამდენიმე წელი გავიდა და მერე მოხდა ამათი დაკავება, თორემ საერთოდ არ იხილავდნენ მაგ თემას. ზუსტად ვიცოდი, რატომაც არ იხილავდნენ- პერსპექტივა არ ჰქონდა საქმეს. ხომ ჩაიხედეს... ეს იყო დავალება მიცებული პროკურატურაზე, რომელიც აღსრულდა. მაგრამ ეს საქმე ასე არ გაჩერდება: ეს წავა სტრასბურგში. თავის სახელი უნდა დაერქვას აუცილებლად. არ უნდა გადაამეტო და არც უნდა დააკლო არც ერთ საქმეს. ჩემი გადმოსახედიდან, არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ კონტრდაზვერვა მოიშალა მთლიანად ამ სამ-ოთხ წელიწადში
მოიშალა თუ არ მოიშალა, ამის შედეგები ასე ზედაპირზე არ ჩანს, ბუნებრივია. შეიძლება, რაღაცაზე მუშაობენ და მე არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ფაქტი გავიგეთ ყველამ და პასუხი არ გაგვიგია, რომ შევიდა ვიღაც პიროვნება, თანამშრომელი, მოიპარა ყველა არსებული საიდუმლო დოკუმენტაცია, გადაწერა დიდი ფაილი და წაიღო რუსეთში, უბრალოდ, გადაიტანა, ეს სავალალოა. ეს ყველამ იცის აბსოლუტურად. ცოტა დაინტერესებულმა ადამიანმაც იცის ეს. მე მივმართავდი, გინდა, პრეზიდენტს და, გინდაც, პრემიერს. იკითხონ მაინც - რა დონის, რა ფაილები წაიღეს. პირადი ცხოვრების საშინელი კადრების ფაილებიც ხომ არ წაიღეს? რა საიდუმლოებები გაიტანეს: სტრატეგიული ობიექტები, პოლიტიკური პარტიების სიები, ან ვინ იყო გადაბირებული, ვისზე მუშაობდნენ. შეიძლება, რუსები იბირებენ ეხლა. საფრთხე არის ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის. რატომ არ მუშაობენ ამ კუთხით? მე გეტყვით რატომ - არ იციან და იმიტომ. არაკომპეტენტური ადამიანები დანიშნეს. მე მესმის, რომ შეიძლება ენდო ადამიანს. ყველას ჰყავს ნაცნობი, ნათესავი, ახლობელი, მაგრამ არ შეიძლება ეს ადამიანი დანიშნო ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე იმიტომ, რომ ის უბრალოდ ვერ გაართმევს თავს და განა მხოლოდ სისტემა იზარალებს? ქვეყანა იზარალებს! ამას ხომ ვხედავთ ყოველდღიურად.
რაიმე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით?
მოდი ასე ვთქვათ: ჩვენ დროს რომ ყოფილიყო რაღაც საეჭვო, უფრო მძიმე მუხლით აღვძრავდით საქმეს და მერე ჩამოვიყვანდით მუხლს ქვემოთ. იმიტომ, რომ არ უნდა დარჩეს მოსახლეობას და, მით უმეტეს, დაზარალებულს ოჯახს იმის შეგრძნება, რომ რაღაცას მაკლებენ მე ესენი. არ შეიძლება ყაჩაღობა აღძრა ძარცვით, მკვლელობა თვითმკვლელობით, ნუ აკლებენ ამას. ჩემი რჩევა იქნება მათ მიმართ. აღძრან ის, რაც არის და მერე რეალობა გაარკვიონ.
გულზე ხელი რომ დაიდოთ, თქვენ დროს სტატისტიკა არ ყალბდებოდა?
არ ყალბდებოდა. მოხვედით, ხომ, თქვე კაი დედმამიშვილებო, გინდოდათ, რომ ჩვენზე კარგი გამოჩენილიყავით? დაიწყეს დამახინჯება რაღაცეების და დამალვა. რეალური სურათი დაგედოთ და მერე ნელ-ნელა გაგეუმჯობესებინათ. ბოლო-ბოლო, რა იყო, მკვეთრად რომ მაგრები მოხვედით და ახლა რაღა უნდა ქნათ - უარესობას ხომ არ დაიწყებთ? რეალური სურათი უკვე სხვა არის. აი, ეგ არის უბედურება. მანდაც არ იციან. ახლავე მივმართავ, რომ შეეშვან ასეთ მანკიერ რაღაცეებს და რეალური სურათი დადონ. ეს ყველასთვის კარგი იქნება. ჩვენ დროს არ ყალბდებოდა. არ ვთხოვდით. მე არ ვთხოვდი პოლიციის უფროსს. მე სტატისტიკას ვხედავდი - იქ რა ხდებოდა, რაიონში. აი, აქიდან გამომდინარე მქონდა პრეტენზიები რომელიმე პოლიციის უფროსთან. მე, საერთოდ, სტატისტიკაში და ფურცლებში არ ვიყურებოდი. ხალხი იყო კმაყოფილი და მეც კმაყოფილი ვიყავი. რაღაც-რაღაცეებში ვაძლიერებდი, ვეხმარებოდი რეგიონებს. ჩვენ გეგმა შევიმუშავეთ: იყო ზაფხულის პრობლემები - რა უჭირდა ჩვენ ქვეყანას, ტურიზმის საკითხი იდგა ცალკე. მე ვეუბნებოდი იმ რეგიონების პოლიციის უფროსებს, სადაც ტურისტები დადიოდნენ: „დადის ტურისტი ტყეში? იყავით ტყეში“. ვიყიდეთ ცხენები, მოტოციკლეტები, ყველაფერი ვიყიდეთ, ყველანაირ პირობებს ვუქმნიდით. ამაში იყო არაჩვეულებრივი ვანო მერაბიშვილი: რაც გვჭირდებოდა, ყველაფერს გვიწყვეტდა, იმიტომ, რომ შედეგისთვის მალე მიგვეღწია. მალე მივაღწიეთ ყველანაირ შედეგს, მაგრამ შეცდომებიც გვქონდა, იმიტომ, რომ ვინც აკეთებს საქმეს....
აი, რა იყო შეცდომა მაგალითად?
მაგალითად, მოდი ასე ვთქვათ, რომ უცბად ვაკეთებდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად არ ვაკეთებდით, მაგრამ დიდი სჯა-ბაასის დრო არ იყო. ახლა რაღაცაზე რომ დასხდებიან ერთი წელი, ანალიზს უკეთებენ და მერე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს და მერე უკვე ვასწორებდით. მოდი ასე ვთქვათ, ბევრ რამეში მაგიტომაც დავუშვით შეცდომა.
ძველი ხელისუფლების დემონიზაციისთვის ახალმა ხელისუფლებამ კლიშეები შექმნა და ერთ-ერთი ასეთი კლიშეა, რომ ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ.
მე მივმართავ მმართველ გუნდს: თუ ისევ ისეთი პიარით უნდათ გააგრძელონ, როგორც მოვიდნენ და ახლა კიდევ წინასაარჩევნოდ უნდათ პოლიციაზე შეტევა და კიდევ დაკნინება სისტემის, ისედაც დაკნინებული და შეშინებული პოლიციის, ეს იქნება კატასტროფა. „შეშინებულს“ მე არ არამც და არამც არ ვამბობ პიროვნულად ბიჭებზე! ძალიან ვაჟკაცი ხალხია. მე ვგულისხმობ, რომ მათ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული. კიდევ თუ ამ პიარით უნდათ მოვიდნენ მთავრობაში, ეს იქნება უკვე დამანგრეველი სისტემისთვის და მე ჩემ ორგანიზაციასთან ერთად არ დავტოვებთ ამ საქმეს ასე. ჩვენ მივმართავთ ყველას: ძალიან გავაქტიურდებით, თუ ისევ ამით დაიწყეს მანიპულირება და რაღაც ერთეულების გულისთვის სისტემა დაიწყებს ლაფში ამოსვრას. ჩვენ ხმას ამოვიღებთ სერიოზულად და შევკრებთ ჩვენ ორგანიზაციის წევრებს, ყველა წევრმა იცის, რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და არ დავტოვებთ პოლიციის სისტემას, არც ერთ პოლიციელს განსაცდელში. არ შეიძლება დაანგრიო ერთი რაღაცა იმიტომ, რომ შენ დაგრჩეს ყველაფერი. მერე, რისი მთავრობა ხარ, ან რა უნდა გააკეთო, თუ კანონი არ კანონობს, წესრიგი არ გექნება ქვეყანაში? მაშინ გაუგებარია შენი ყოფნა. ამიტომ ვეუბნებით, რომ დაანებონ პოლიციას თავი და მიხედონ უფრო ეკონომიკურ საკითხებს, გადაწყვიტონ ის პრობლემები, რაც ადამიანებს აქვთ ჩვენ სისტემაში და, საერთოდ, ყველა სისტემაში.
მჭიდრო კავშირი გაქვთ პოლიციელებთან?
რა თქმა უნდა! პოლიციელი ფიქრობს, რომ ელემენტარული რამეც რომ შეეშალოს კრიმინალთან მიმართებაში, მთავრობა დაუჭერს კრიმინალებს მხარს და იჩაგრება. ანუ, პოლიციელს აგდებენ სამსახურიდან და რა რჩება? მშიერი შვილები, უმუშევარი თვითონ და მერე პოლიციელი სად წავიდეს? პოლიციიდან გამოსული ადამიანი სად უნდა წავიდეს, ბიზნესში? სხვა სტრუქტურებში გაუჭირდება ძალიან. ასე რომ, ნახა, რომ თვითონ იჩაგრება და უკვე არ აქტიურობს. უკვე რაღაცა თავისი პოზიცია დაიჭირა თვითგადარჩენის. ეს იმიტომ არის გამორჩეული პროფესია, რომ რაღაცისთვის თავი უნდა დადო. თვითგადარჩენის პოზაში რომ დგახარ, საქმე არ გაკეთდება. ასე რომ, ამას ვერ ხვდებიან - ეტყობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო წინა მთავრობამ და ვანო მერაბიშვილი ზის ციხეში. ვანო მერაბიშვილმა მითხრა, რომ „მე რომ ვზივარ აქო, ვის უხარია ციხეში ჯდომა, მაგრამ არ მეგონაო, რომ გააგრძელებდნენ პოლიციელების დაჭერას და პოლიციელების დაკითხვებზე ტარებასო“. ათასობით პო-ლიციელს კითხავენ. ასე არ გამოვა, სისტემა დემორალიზებულია. აპირისპირებდნენ მერე ერთმანეთს: შენ იმაზე თქვი ეს - პოლიციელს პოლიციელზე, პატრული პატრულზე. არ შეიძლება სისტემის დაპირისპირება. იბარებდნენ, ეს თქვი ამაზე, ეს თქვი იმაზე. ხვალ-ზეგ ისევ ერთად იქნებიან ბიჭები და ყველას შევარიგებთ. ნუ აპირისპირებთ ბიჭებს ერთმანეთს.
თქვენ დაბრუნდებოდით სტრუქტურაში სამუშაოდ?
არამგონია, მე რომ სტრუქტურაში დავბრუნდე. ალბათ, უნდა ამოწუროს ყველაფერში თავი ადამიანმა. ბაბუაჩემიც პოლიციელი იყო, მამაჩე-მიც პოლიციელი იყო, ჩემი შვილი, შეიძლება, არ იყოს პოლიციელი, იმიტომ, რომ მე არ ვაიძულებ პოლიციაში წავიდეს. მე, მაგალითად, ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ შეიძლება განვავითარო, დავეხმარო, პოპულარიზაცია გავუკეთო პოლიციას და აქედან ბევრი კარგი გავაკეთო პოლიციისთვის. აი, აქ ვხედავ ჩემს თავს. მაგრამ, ჩემი მეგობრები, ჩემს ირგვლივ ვინც არიან, მე ვერ ვხედავ მათ სისტემაში და მე მინდა, რომ თვითონ დაბრუნდნენ სისტემაში, იმიტომ, რომ მეტი იციან, ძალიან ბევრად მეტი იციან, ვიდრე დღეს არსებულმა ხელმძღვანელობამ. გამოცდილება მეტი აქვთ, განსწავლულები არიან უფრო მეტად. არავის არ ვაკნინებ პიროვნულად, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ პროფესიონალური კუთხიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი დააბრუნონ. ერთი მინდა ვთქვა - უნდა დაფიქრდეს ეს მთავრობა. ხვალ აღარ იქნებიან მთავრობაში და ნუ იფიქრებენ იმას, რომ კრიმინალები მათ შეეშვებიან. მე ვიცი კრიმინალების ბუნება. სადაც არ უნდა წავიდნენ, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდნენ, მაინც მიადგებიან და მიუკაკუნებენ კარებზე და ეტყვიან, თქვენ ჩვენი ვალი გაქვთ. იცოდნენ ეს. ეს კრიმინალების ბუნებაში დევს. ვინც არ უნდა იყოს მთავრობის წარმომადგენელი, კრიმინალებისთვის მაინც არასანდო და მიუღებელი ხარ. დაადგებიან, წაართმევენ და ბოლომდე ამოწურავენ მაგათ.
სუსის საქმიანობაზე რას იტყვით?
პოლიტიკური პოლიციაა, მეტს არაფერს აკეთებენ. პოლიტიკური პოლიცია აღარ უნდა იყოს. მაგრამ მე ისევ პოლიციას დავუბრუნდები: პოლიციის არ უნდა ეშინოდეს ხალხს, პოლიცია არის საზოგადოების ნაწილი, პოლიცია უნდა მუშაობდეს საზოგადოებისთვის და არა ის, რომ საზოგადოება ატერორონ პოლიციით და საზოგადოებაში გახადონ პოლიცია „ბუა“. ასეთი რამე არ უნდა იყოს. პირიქით, მეტი პოპულარიზაციაა საჭირო. ამიტომაც არსებობს ჩვენი ორგანიზაცია. ჩვენ გვინდა, პოპულარიზაცია გავუწიოთ პოლიციელს.
ცოტა ხნის წინ თქვენ გახდით საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის წევრი..
საერთაშორისო პოლიციის ასოციაცია (IPA) წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც შედგება სხვადასხვა სახელწმიფოებში დაფუძნებული და მოქმედი ეროვნული განყოფილებებისგან. ასოციაციაში გაწევრიანებულია 65 სახელმწიფოს 450000 პოლიციის მოქმედი ან გადამდგარი თანამშრომლი. ასოციაციის მიზანია, შექმნას მეგობრობაზე დამყარებული კავშირი და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას. ასოციაცია თავის საქმიანობას წარმართავს გაეროს 1948 წელს მიღებული (ადამიანის უფლებების დეკლარაციის) ძირითადი პრინციპების მიხედვით. ასოციაციის მიზნები, ასევე, გულისხმობს საკუთარ წევრებს შორის კულტურული ურთიერთობის განვითარებას, მათი ზოგადი ცოდნის გაღრმავებას და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, ასოციაცია ცდილობს, მხარი დაუჭიროს სოციალურ სფეროში ერთობლივ დახმარებას და საკუთარი შესააძლებლობების ფარგლებში ხელი შუწყოს ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობას და მსოფლიო მშვიდობის დაცვას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ შექმნის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო პოლიციის ასოციაცასთან (IPA), ხოლო 2014 წლის 4 მარტს გაწევრიანდა ასოციაციის ლიტვის სექციაში, საქართველოს ჯგუფის სახელით.
წყარო "ქართული გაზეთი"
მასალის გამოყენების პირობები






