ქვეყნის გაღარიბების, მომატებული კრიმინალის და პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც 2012 წელს შეკოწიწებული კოალიცია შემოეძარცვა, შელახულ იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს და საარჩევნო სიას ახალი სახეებით აკომპლექტებს.
ტვინების დუღილია თავად კოალიციაში, სადაც საარჩვენო სიაში მოხვედრისთვის მარათონმა კარგა ხანია სტარტი აიღო. თუმცა, სავარაუდოდ, არაერთ დღეს მოქმედი დეპუტატი საოცნებო სიაში ვეღარ მოხვდება, ყოველ შემთხვევაში ამაზე სერიოზულად ფიქრობენ "ქართული ოცნების" მამები.
ყველაზე მეტად სანერვიულო სპორტსმენებს, ხელოვნების მუშაკებს და ინგლისურის არმცოდნეებს აქვთ, თუმცა ამ სფეროების გადებუტატებულ პირებს ისიც კარგად ესმით, რომ საბოლოოდ ყველაფერს პირადი სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე თავად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. ამიტომ, ინტენსიურად ისმის მათი მხრიდან „ქებაი და დიდებაი“...
„ნიუპოსტის“ წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის წითელ სკამებს გამოემშვიდობებიან: თამაზ მეჭიაური, ელისო ჩაფიძე, ზურა ზვიადაური, დავით ლორთქიფანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, თამაზ ჯაფარიძე, ლექსო თამაზაშვილი...
საპარლამენტო დერეფნებიდან ირკვევა, რომ "შავი სიის" გარდა არსებობს ოქროს ბილეთიც“, რომელიც ასე გამოიყურება:
ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ყოფილ პრემიერს რჩევებსაც კი აძლევდა.
ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო შს მინისტრის ახალგაზრდა მოადგილეს - არჩილ თალაკვაძეს ათეულში ყოფნა გარანტირებული აქვს.
სიის გარეთ არ დარჩება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. ირაკლი კობახიძე პირადად ჩართულია პარტიულ სიის დაკომპლექტების პროცესში.
სიაში ვიხილავთ ივანიშვილის კუთვნილი ბანკის თანამშრომელსაც, გიორგი უძილაური "ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ დრომდე ხელმძღვანელობს.
ივანიშვილის ფავორიტიებში შედიან 2030-ის ექსპერტები :- მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძეს.
2030-ს წევრები ბლომად იქნებიან ოცნების სიაში, მედია კიდევ ორ გვარს ასახელებს: რამილია ალიევა და ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძე.
სავარაუდოდ, საპარლამენტო სიაში გადაინაცვლებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე.
თბილისში მაჟორიტარული არჩევნებს რაც შეეხება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რიმა ბერიძე ჩუღურეთის მაჟორიტარობისათვის ემზადება. მაჟორიტარობას გეგმავს საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი.
„ქართული ოცნების“ სიაში ვიხილავთ ზაზა გაბუნიასა და ჯაბა სამუშიას.
„რუსთავი 2“- ის ცნობით, საკრებულოდან საპარლამენტო სიაში პორტირებისათვის ამზადებენ, საკრებულოს წევრს და შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს თამარ ტალიაშვილსაც.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი იქნება ბათუმის სამი ოლქიდან ერ-ერთში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ტყიბულში კი კენჭს როგორც ოცნების კულუარებში ამბობენ მაჟორიტარად ოთარ აბესაძე იყრის. ის დღეს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის მრჩეველია.
"ოცნების" რიგებში შესაძლოა ინტელექტკლუბის "რა? სად? როდის?" წევრები გამოჩნდნენ, კონკრეტულად ვინ - არ სახელდება. თავად ამ კლუბის ერთ-ერთი წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, გედევან ფოფხაძის ცნობით, მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„შავ ყუთში“ კი ივანიშვილის დიდძალი ფული და პრივილეგია დევს უცნობია დათანხმდებიან თუ არა ინტელექტუალები ამ მაცდურ წინადადებას.
სიის პირველი ნომერი კი მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
მედიაში აქტუალობას არ კარგავს პარტია „ქართული ოცნების“ მომავალი საპარლამენტო შემადგენლობის საკითხიც და კითხვა, რომელიც სიაში ირაკლი ღარიბაშვილის გვარის ხილვას უკავშირდება. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამ საკითხს ჟურნალისტებთან კვლავ უკომენტაროდ ტოვებენ და მედიას ურჩევენ, აპრილში დაგეგმილ პარტიულ ყრილობას დაელოდონ.
დავიწყოთ ოცნების აუცაიდერებთან დაკავშირებას. დეპუტატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მისთვის უცნობია იქნება თუ არა სიაში.
„პირადად ჩემთან კონსულტაციები არ დაწყებულა და დაველოდები, მალე დაიწყება ალბათ ეს პროცესი“ - ამბობს დეპუტატი „ნიუპოსტთან“.
მეტიც „იმედთან“ სატელევიზიო კომენტარისას ივანიშვილის მეგობარი არც იმას მალავს, რომ საარჩევნო სია ივანიშვილმა უნდა შეადგინოს.
„სია ივანიშვილმა უნდა შეადგინოს, რადგან მას აქვს ავტორიტეტი და პარტიას მნიშვნელოვან ხმებს მოუტანს. ჟარგონულად ვიტყვი, ფულს ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს. გუნდმა ხმები ბიძინა ივანიშვილმა რეიტინგის ხარჯზე მიიღოს, დაფინანსებაც მან გააკეთოს და სია სხვამ შეადგინოს, არამგონია ეს ყველაფერი ლოგიკური იყოს. სიის შედგენაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუმცა სხვის მოსაზრებებსაც გაითვალისწინებს", - განაცხადა მეჭიაურმა.
რაც შეეხება იმ პირებს, ვინც სავარაუდოდ "ქართული ოცნების" სიაში მოხვდებიან ჩვენ სატელეფონო ზარს მხოლოდ ექსპერტმა ლევან კალანდაძემ უპასუხა.
მისი თქმით აღნიშნულ საკითხზე მასთან კონსულტაცია არ ყოფილა.
„მე არ მაქვს ინფორმაცია, ქართული ოცნება განიხილავთ თუ არა ჩემს კანდიდატურას, შესაძლებელია განიხილავს კიდეც, მაგრამ ჩემთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა“- უთხრა „ნიუპოსტს“ ექსპერტმა.
მოლაპარაკებები უარყო ბატონმა დონდუამაც.
საბოლოოდ კი ყველაფერი 14 მაისს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






