საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მიმდინარე მოვლენებსა და მმართველ გუნდში არსებულ სიტუაციებზე საუბრობს.
„არა მხოლოდ პრემიერთან შეხვედრაზე, მანამდეც ბევრჯერ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი და სურვილი - მოახლოვდა არჩევნები, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, საერთო კანდიდატებითა და პროგრამით წარვსდგებით ამომრჩევლის წინაშე თუ დამოუკიდებლად.
"ქართული ოცნება" გვეთანხმებოდა, რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია, მაგრამ შიდაპარტიული ცვლილებების გამო დრო ისე გადიოდა, კონკრეტულ პასუხს ვერ ვიღებდით. პარტიების ნაწილი იმაზეც კი უკმაყოფილოა, რომ ექვსი თვით ადრე საარჩევნო თარიღი დასახელდა და რესპუბლიკელები ხალხი არა ვართ? ჩვენც გვაქვს პარტიული დღის წესრიგი და ამოცანები.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგაც არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის პირადი მოსაზრებების მიუხედავად, მას პარტიის დანარჩენი წევრების დამოკიდებულებაც უნდა გაეთვალისწინებინა. ბოლო შეხვედრაზე კი პრემიერს ღიად ვუთხარით, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არჩევნებზე ცალკე გასვლის აზრი მომწიფდა. შეხვედრაზევე გაირკვა, რომ იგივე აზრი ჰქონდათ "ქართულ ოცნებაში".
ეს თვალსაჩინო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც კოალიციის ერთ-ერთ სუბიექტსა და რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის იდეური კონფლიქტი დაიწყო, - აცხადებს უსუფაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






