საკრებულოს დეპუტატ ირაკლი აბესაძის მტკიცებით, დადიანის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.
“ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ, თბლისის მერს, დავით ნარმანიას, რომელიც მუდმივად იძლევა დაპირებას, რომ შეზღუდავს ქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობების ნებართვებს, რომელიც გვპირდება, რომ თითქოს მოაწესრიგებს ქალაქში მშენებლობებს, ერთის მხრივ სამ მილიონ-ნახევარს ხარჯავს ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებაზე და მეორე ხელით აკმაყოფილებს თანამდებობის პირების, მეგობრების და ნათესავების კორუფციულ სურვილებს, კორუფციულ მადას. ამჯერად საუბარია დადიანის ქუჩაზე, “ქარვასლას“ უკან მდებარე ნაკვეთზე, რომელზეც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთ კონკრეტულ ნაკვეთზე, სადაც მხოლოდ ინდივიდუალური სახლები მდებარეობს, გასცა ნებართვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის. ეს შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ვინ არის მფლობელი გასაკვირი არაფერია. აღნიშნულ ნაკვეთებს ფაქტობრივად ფლობს დეპუტატი ვალერი გელაშვილი. „ქართული ოცნების დეპუტატებისთვის, მისი მინისტრებისა და ნათესავ-მეგობრებისთვის შეუძლებელი არაფერია ამ ქალაქში. იქ, სადაც ვალერი გელაშვილს ეძლევა საშუალება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, გარშემო არსად ასეთი ინტენსივობით მშენებლობის უფლება გაცემული არ არის. ეს ოაზისი, კუნძული შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ვალერი გელაშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქმე გვაქვს პარლამენტარების მხრიდან ზეგავლენით ვაჭრობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალერი გელაშვილი აღნიშნულ ნებართვას ვერ მიიღებდა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ კახი კალაძის, ზურაბ ტყემალაძის, ხაბარელის შემდეგ, კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი სარგებლობს ამ კორუფციული სქემით და იღებს დივიდენდებს თავისი მოგების გასაზრდელად და გასაფართოებლად. ამას აკეთებს ქალაქის განაშენიანების, გარემოს დაბინძურების ხარჯზე და ეს ყველაფერი, როცა ამდენი თანამდებობის პირია ჩართული ამ ყველაფერში, მიუთითებს, რომ კორუფცია არის სისტემური ქვეყანაში და მისი წამქეზებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ის ცდილობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ელიტაში მყოფი ხალხი ყავდეს კმაყოფილი. გვაქვს მაგალითი, რომ პრემიერ-მინისტრი არის მოვალე ბიძინა ივანიშვილის, მისი ბანკიდან აქვს აღებული კრედიტები და იხდის იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვს. ან ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, ასეთი ჩინოვნიკები, იგივე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ჰყავს ნაყიდი. ის, რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ბიზნესისთვის, აბსოლუტურად ხელმისწვდომია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის „ქართული ოცნების“ ელიტაში. კორუფცია ქვეყანაში არის სისტემური და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამკვიდრებული“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობა გეგმავს, საკითხის შესწავლის მოთხოვნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






