დღეს საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს, მორიგი შეხვედრები გამართა ბულგარეთის პარლამენტში (ეროვნული ასამბლეა) ჯანდაცვის კომიტეტისა და შრომის, სოციალური საკითხებისა და დემოგრაფიული პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე ორივე მხარემ ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე და საკანონმდებლო დონეზე გაწეულ სამუშაოებზე. ბულგარეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებმა დაწვრილებით მიმოიხილეს ბულგარეთის დემოგრაფიული პოლიტიკა და ისაუბრეს პარლამენტის როლზე ამ პოლიტიკის განხორციელების საკითხში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბულგარეთში დემოგრაფიული პოლიტიკა უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი, რომელსაც კურირებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.
დიმიტრი ხუნდაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ისაუბრეს საქართველოში არსებულ ჯანდაცვის პოლიტიკაზე. ბულგარეთის მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც მათთან არ ხორციელდება. დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა საქართველოში დემოგრაფიული მიმართულებით უკვე განხორციელებულ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე. მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.
დღესვე, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან და მეცნიერ-თანამშრომლებთან. შეხვედრა ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. განათლების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა ისაუბრა საქართველოში მეცნიერების კუთხით ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე, მეცნიერ-დემოგრაფებზე, რომლებიც წლების მანძილზე დაუღალავად მუშაობენ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.
სამდღიანი შეხვედრა შეაჯამა ვიზიტის ორგანიზატორმა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ძალიან პროდუქტიული იქნება საქართველოსთვის.
დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სამდღიანი ვიზიტი დაეხმარება დემოგრაფიული კონცეფციის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს ევროპული გამოცდილების გაზიარებაში. ჯანდაცვის კომიტეტი სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციას პარლამენტს ივნისამდე წარუდგენს.
საქართველოს დელეგაციამ ბულგარეთში სამდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები






